მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა.
ზურაბ თოდუას განმარტებით, მან საჩივარი მის მიმართ მუქარის ფაქტთან და საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით შეიტანა.
ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, ადვოკატი მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს, რაზეც უფლებადამცველი პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს.
„გენერალურ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამი მუხლის შესაბამისად რეაგირებისათვის. პირველი ეხება მუქარას, რომელიც რეალურად განხორციელდა ჩემ წინააღმდეგ, ასევე დაცვის უფლების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. საჩივარი ეხება ასევე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ჩვენ კალანდიას ოჯახი და მისი დაცვა ზემოქმედებას ვახორციელებთ მოწმეებზე და ამით არის გამოწვეული ის გარემოება, რომ მოწმეები თურმე ვერ ამბობენ სიმართლეს, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე.
მუქარას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, მაგრამ მსვლელობა მისთვის არ მიმიცია, გავითვალისწინე დაზარალებულის მდგომარეობა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. კერძოდ, მუქარა იყო წერილობით გავრცელებული, სოციალური ქსელის მეშვეობით, გაზეთის მეშვეობით, მუქარა იყო სასამართლო პროცესზე 27 ნოემბერს. 6 დეკემბერს, როდესაც უკვე სხდომაზე შევდიოდი, დარბაზში შესვლამდე, კიბეებზე კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, რომ მე თურმე ჭკვიანად უნდა ვიყო. სამართლებრივად ვითხოვ გენერალური პროკურატურისგან, უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოება და დაცვის უფლების განხორციელება”, -განაცხადა ზურაბ თოდუამ.