მიხეილ კალანდიას ადვოკატი - გიორგი მენაბდის დაკავება თავდაყირა აყენებს განაჩენს როგორც კალანდიას ნაწილში, ისე სხვა პირების მიმართ
მიხეილ კალანდიას ადვოკატი - გიორგი მენაბდის დაკავება თავდაყირა აყენებს განაჩენს როგორც კალანდიას ნაწილში, ისე სხვა პირების მიმართ

გიორგი მენაბდის დაკავება თავდაყირა აყენებს განაჩენს როგორც მიხეილ კალანდიას ნაწილში, ასევე მთლიანობაში, სხვა პირების მიმართაც, – ამის შესახებ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა.

„ერთადერთი რასაც ვფიქრობთ, თუ რატომ მოეგო გონს გამოძიება და ხელისუფლება, არის ის, რომ ხეკისუფლებამ იცის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე გაიგზავნა საჩივარი მიხეილ კალანდიას საქმეზე, რადგან ამოწურულია შიდა სახელმწიფოებრივი ყველა საშუალება საქართველოში. მენაბდის დაკავება თავდაყირა აყენებს განაჩენს როგორც მიხეილ კალანდიას ნაწილში, ასევე მთლიანობაში სხვა პირების მიმართაც, რადგანაც ჩემს მიერ თავის დროზე გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდიას არ შეიძლებოდა ჰქონოდა ხელში ის დანა, რომელსაც შეეძლო 9, 11 და 12 სანტიმეტრის ჭრილობის მიყენება, ფაქტობრივად უდავო გარემოება გახდა. თუნდაც ის ფლეშკა, რომელიც ხელში ეჭირა კალანდიას და დანად რომ გააფორმა მთელმა სასამართლო სისტემამ საქართველოში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ჭრილობის მიმყენებელი“,- განაცხადა ადვოკტმა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის შემდეგ გამოძიებას ოპერატიული ღონისძიებები გაეტარებინა, ყველაფერი გააკეთეს, რომ მენაბდის ნაწილში მტკიცებულებები განადგურებულიყო. ადვოკატი აცხადებს, რომ მენაბდეს სავარაუდოდ მფარველობდნენ.

„ფაქტობრივად მტკიცებულებები, რაც საქმეში დევს, ობიექტური ანალიზის შემთხვევაში, გამოძიებას ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენიდან ზუსტად მეშვიდე დღეს აძლევდა ამის საფუძველს, მაშინ როდესაც, მენაბდე დაიკითხა პირველად. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ოპერატიული ღონისძიებები გაეტარებინათ და საგამოძიებო ღონისძიებები შეესრულებინათ, გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა, რათა მტკიცებულებები განადგურებულიყო მენაბდის ნაწილში. მას ტანსაცმელიც კი არ ჩამოართვეს თავის დროზე, რომ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და ექსპერტიზა დაუნიშნეს მე-11 დღეს. დიდი ალბათობით, ამხელა დოყლაპია გამოძიება არ მგონია, ყოფილიყო, მას სავარაუდოდ ძალიან მაღალი დონის მფარველი ჰყავდა, ამიტომაც იქცეოდნენ გამომძიებლები ასე“,- განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.