მიხეილ კალანდიას ძმა - არ ვაპირებთ დანებებას, შემდგომი ინსტანცია გველოდება
მიხეილ კალანდიას ძმა - არ ვაპირებთ დანებებას, შემდგომი ინსტანცია გველოდება

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

„შემდგომი ინსტანცია გველოდება წინ. ველოდები განაჩენის გადმოცემას. მაინტერესებს, რით დაასაბუთებენ მოსამართლეები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ობიექტურად მოაზროვნე მოსამართლეები არიან და არა მიკერძოებულები, როდესაც საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდე. მითქვამს, ვამბობ და კიდევ ვიტყვი, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს სიმართლეს. შესვლის დროსაც ვთქვი, რომ არ იქნებოდა არანაირი სიახლე, რადგანაც ეტყობოდათ უკვე. მოსამართლე დასკვნითი სიტყვის მერე, იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც საქმეში დევს, გამოდის და უტიფრად იძახის, რომ თურმე, 20 წლის ბიჭი უნდა გაუშვან 11 წლით და სამი თვით ციხეში.

ძალიან სარკასტული არის მათი მხრიდან ეს ყველაფერი და ჩვენ უბრალოდ, გავაგრძელებთ ბრძოლას. არავინ არ ვაპირებთ დანებებას და მიხეილ კალანდიას არ შევარჩენთ არავის 11 წლითა და სამი თვით ციხეში, რადგან უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ზედმეტი ხმაური, რაღაც გაუგებრობა პოლიტიკურ სცენაზე. მოსალოდნელიც იყო, რაც მოხდა. ალბათ, მივიღებთ შედეგს“, – აცხადებს ლუკა კალანდია.

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის სააპელაციო საჩივარი და 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა. დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და სამი თვე შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.