მიხეილ კალანდიას ადვოკატი - გიორგი მენაბდის ირგვლივ არსებული მტკიცებულებების შესახებ გამოძიებამ კარგა ხანია, იცოდა
გენერალური პროკურატურის გუშინდელი გადაწყვეტილება კონკრეტული მაგალითია საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობის, რადგან გიორგი მენაბდის ირგვლივ არსებული მტკიცებულებების შესახებ მათ კახა ხანია, იცოდნენ, – ამის შესახებ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა.
„გენერალური პროკურატურის გუშინდელი გადაწყვეტილება კონკრეტული მაგალითია საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობისა, რადგან იმ მტკიცებულებების შესახებ, რაც არსებობდა მენაბდის ირგვლივ, მათ კარგა ხანია, იციან, მაგრამ ეს გამოიყენეს დღეს, როდესაც დასჭირდათ „ქართული ოცნების“ ჩასაძირად განწირული გემიდან გადამხტარი გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ. კალანდიას წინააღმდეგ არსებული საქმე პირდაპირ შეთითხნილია გიორგი გახარიას მიერ, მისი ეგრეთ წოდებული ახალი გამოძიების პროდუქტია. მისი და მთავრობასთან შეთანხმებული, „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის გამოძიების შედეგია და დღეს როდესაც უკვე ეს ადამიანი (გახარია) უმართავი გახდა მათთვის, ამათ აქვთ შესანიშნავი არგუმენტი და კომპრომატი იმის თაობაზე, რომ გახარიამ ფაქტობრივად გაყალბებული მტკიცებულებები დააყენებინა ქართულ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილება მიხეილ კალანდიას უკანონო პატიმრობის სახით“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, გიორგი მენაბდის დაკავებით საქმე ფატქობრივად თავდაყირა დგება.
„ფაქტობრივად, საქმე დგება თავდაყირა, რადგანაც ჩემ მიერ გამოთქმული არგუმენტები, რომელიც არც ერთმა სასამართლომ არ გაიზიარა, მდგომარეობს შემდეგში, რომ ის დანა, რომელიც ყველა ინსტანციის სასამართლომ თითქოს ხელში დააკავა კალანდიას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილიყო 9,10 და 12 სანტიმეტრი ჭრილობის მიმყენებელი. საქმეში დევს მხოლოდ და მხოლოდ ორი დან – ეს არის ჯანაშიას დანა, ბარბაქაძის დანა, მესამე დანა, რომლითაც მენაბდე დაჭრეს, არ დევს და ის დანა, რომელმაც 9,10 და 12 სანტიმეტრი ჭრილობა მიაყენა, ამას მალავდა გამოძიება მთელი ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. გამოძიება მენაბდეს 109 მუხლით ედავება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი მენაბდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.