ხორავას ქუჩის საქმეში დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება
ხორავას ქუჩის საქმეში დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

ხორავას ქუჩის საქმეში დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წლის შემდეგ დღეს მეორედ ჩატარდება. თოდუას განცხადებით, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

„გრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანაშაულისათვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 375 მუხლით, რასაც ჰქვია დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად. აღნიშნული საქმის არსებობა ქართული სასამართლოს სინამდვილეში შეიძლება იყოს უპრეცედენტო, რამეთუ ფაქტობრივად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, ობიექტური სასამართლოების მიერ მსჯავრდებულად მიჩნეულ კალანდიას ედავებიან იმ დანაშაულის დაფარვას, რაც მან ჩაიდინა თურმე და ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ბრალდების მხარე როგორც მოიქცევა, იმის მიხედვით შესაძლოა, დავაყენოთ რაიმე შუამდგომლობა. სავარაუდოდ უნდა დაიწყოს მოწმეების დაკითხვა. ჩვენი მოწმეების დაკითხვა მაშინ დაიწყება, როცა ამოიწურება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვდგავართ ბრალდების მტკიცებულებების გამოკითხვის ეტაპზე. კალანდია რამდენჯერმეა დაკითხული. როგორც ბრალდებულს, უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება მოწმის სახით თუ იკითხება იმავე საქმეზე. ჯერ მივადევნებთ თვალყურს, მტკიცებულებების გამოკითხვის ეტაპზე ვის მოიყვანს ბრალდების მხარე. 2018 წელს შესავალი სიტყვები ნათქვამი აქვთ მხარეებს. ფაქტობრივად, დღეს უნდა მოიყვანოს პროკურორმა თავისი მოწმეები“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, მიხეილ კალანდია სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და სამი თვე შეეფარდა.