მიხეილ ჯანელიძე - გაერო-ს რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს
მიხეილ ჯანელიძე - გაერო-ს რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის საერთაშორისო ბერკეტი, რომელსაც საქართველო იყენებს, რათა ოკუპირებულ რეგიონებში ძალის განმახორციელებელმა დარღვევებზე ​პასუხი აგოს, ასევე აღნიშნულ რეგიონებში  ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო მექანიზმებით გახდეს შესაძლებელი.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ აქტიურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის დარეგულირების პროცესში. აღსანიშნავია ასევე, რომ რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს“- განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა უმაღლესმა ორგანომ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

გარდა ამისა, აღწერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და მოითხოვს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივ იქნას დაშვებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი, რათა ადგილზე შეფასდეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, „თანამშრომლობა საქართველოსთან“, მიიღო.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.