შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს მიმართა - თქვენი სოლიდარობით 2023 წელს გაერო-ში საქართველოს შესახებ რეზოლუციამ რეკორდული მხარდაჭერა მიიღო, მხარდაჭერის გაგრძელებას გთხოვთ
შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს მიმართა - თქვენი სოლიდარობით 2023 წელს გაერო-ში საქართველოს შესახებ რეზოლუციამ რეკორდული მხარდაჭერა მიიღო, მხარდაჭერის გაგრძელებას გთხოვთ

უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, მადლიერები ვართ, რომ ბევრი თქვენგანის სოლიდარობით, 2023 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეკორდულად დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ხმა მიიღო. გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მხარდაჭერა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ძალადობრივი კონფლიქტები ძირს უთხრის მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობას, რასაც დამანგრეველი შედეგები აქვს საზოგადოებებისათვის, განსაკუთრებით, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

„ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უკეთ ვიაზრებთ მშვიდობის ფასს. ჩვენ, პარლამენტების თავმჯდომარეებს, განსაკუთრებული როლი შეგვიძლია, შევასრულოთ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ღია და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, რათა ხელი შევუწყოთ მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას. დემოკრატიის სიძლიერე მისი ინსტიტუტების სიძლიერეზეა დამოკიდებული. სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ქვაკუთხედი და ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების დასაყრდენია. ინსტიტუტები იცავს ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უწყობს მმართველობის თანმიმდევრულობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, აგრეთვე, უზრუნველყოფს პოლიტიკისა და კანონების სამართლიან და ეფექტიან აღსრულებას. აღნიშნული ინსტიტუტების გარეშე დემოკრატია მოწყვლადი ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.