ირაკლი ბერაია - საქართველო ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით
ირაკლი ბერაია - საქართველო ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველო ყოველთვის უჭერს, უჭერდა და დაუჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.

ირაკლი ბერაია გამოეხმაურა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს და დოკუმენტის თანასპონსორია საქართველოც.

„ჩვენ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაგვიდგამს ამ მიმართულებით. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან დიდია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, საერთაშორისო პლატფორმებზე უკრაინის მიმართ, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, გვაქვს საერთო პრიორიტეტები, როგორიცაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დგას უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი შეიკავა 35-მა წევრმა.

დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.