დავით ზალკალიანი - გაერო-ს რეზოლუციამ უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენმა დიპლომატებმა შეუძლებელი შეძლეს
დავით ზალკალიანი - გაერო-ს რეზოლუციამ უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენმა დიპლომატებმა შეუძლებელი შეძლეს

მთელი ამ ისტორიის განმავლობაში, რაც საქართველომ გენერალური ასამბლეის ფორმტაში ამ რეზოლუციის გატანა დაიწყო, მსგავსი სახის მხარდაჭერა მას არცერთხელ არ ჰქონია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას.

მისი თქმით, მიუხედავად პანდემიის გამო არსებული შეზღუდვებისა, საქართველომ მაქსიმალური შეძლო და საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის კიდევ ერთხელ მოიპოვა მხარდაჭერა. მისივე თქმით, ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ 13 ქვეყანა წავიდა.

„ამ რეზოლუციამ უპრეცედენტო მხარდაჭერა დაიმსახურა, 84-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი მას. მთელი ამ ისტორიის განმავლობაში, რაც საქართველომ გენერალური ასამბლეის ფორმტაში ამ რეზოლუციის გატანა დაიწყო, მსგავსი სახის მხარდაჭერა მას არც ერთხელ არ ჰქონია. მნიშვნელოვნად შემცირდა მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც, თუკი შარშან 15 ქვეყანა იყო წინააღმდეგი, წელს ამ რეზოლუციას მხოლოდ 13-მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში, ჩვენ ნოვაცია დავამკვიდრეთ და რეზოლუცია გავხსენით თანასპონსორებისთვის. წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა თანასპონსორთა რაოდენობაც და 54-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან ერთად ეს 54 ქვეყანა ამ რეზოლუციის თანაავტორი ხდება, მათი კუთვნილებაც გახდა ეს რეზოლუცია.

რეზოლუცია მხარს უჭერს  იძულებით გადაადგილებული პირების არა მხოლოდ უპირობო დაბრუნებას, არამედ მათი ძირითადი უფლებების იმპლემენტაციას. მხედველობაშია მისაღები, რომ გენერალური მდივანი ვალდებულია, ყოველწლიურად წარმოადგინოს ანგარიში ამ რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა კოვიდის გამო გაერო-ს მუშაობა პარალიზებული იყო, საქართველოს დიპლომატებმა შეუძლებელი შეძლეს და ყველა მექანიზმი მაქსიმალურად გამოიყენეს.

„წელს, კოვიდის პირობებში, მაშინ როდესაც მთლიანად გაერო-ს მუშაობა იყო პარალიზებული და მხოლოდ დღე-ნახევრით გაიხსნა, ჩვენ არც კი გვქონდა საშუალება, რომ რეზოლუციის მიღების წინ აქტიური კამპანია გვეწარმოებინა. პანდემიის პირობებში ჩვენ ვიყავით შეზღუდული, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენმა დიპლომატებმა შეუძლებელი შეძლეს და მაქსიმალურად იქნა გამოყენებული ყველა შესაძლო მექანიზმი, მათ შორის პარტნიორებთან დისტანციური კომუნიკაცია, ასევე სატელეფონო ზარები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა კოლეგასთან, რომელიც ჩართულია ამ რეზოლუციის თანასპონსორობაში, სატელეფონო საუბარი მქონდა. ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ეს ქვეყნები, ჩვენთან ერთად, ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა მობილიზებაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.