მიხეილ ჯანელიძე ევროკომისიის ანგარიშზე - ეს არის ჩვენი მთავრობის დიდი წარმატება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ევროკომისიის ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება, დიდი წარმატებაა მთავრობისა და იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ეს ეხება როგორც საკანონმდებლო დაახლოებას ევროკავშირთან ასევე ინსტიტუციურ გაძლიერებას.
„მივესალმები იმ ძალიან პოზიტიურ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ და რომელიც ეხება განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებსა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს.
ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება ჩვენი მთავრობის და იმ რეფორმების, რომლებიც განხორციელდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ეს ეხება როგორც საკანონმდებლო დაახლოებას ევროკავშირთან ასევე ინსტიტუციურ გაძლიერებას. გასული წელი ნამდვილად იყო განსაკუთრებული თავისი შედეგებით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
მოგეხსენებათ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ასევე ჩვენ გავწევრიანდით ენერგეტიკულ გაერთიანებაში, ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება ევროპოლთან და ჩავერთეთ აქტიურად ისეთ პროგრამებში რომელიც ხელს უწყობს მეტ თანამშრომლობას განათლების, კულტურის, ინოვაციების სფეროში. წელს ჩვენს მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეტანათ ახალი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე.
ევროკავშირი გახდა და არის ჩვენი მთავარი, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენი სექტორალური რეფორმები არის ძალიან პოზიტიურად შეფასებული და განხორციელებული რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას და რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ასევე პრიორიტეტებთან და ხედვასთან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს შორის ხაზგასმულია ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ, ასევე პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები“- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისიის ანგარიშის შეფასებისას, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.
მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ჰანის განცხადებებს, რომლებიც ხაზს უსვამს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. მინისტრის შეფასებით, მსგავსი სახის პოზიტიური ანგარიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ.
„ეს ხაზს უსვამს ასევე ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ საქართველო არის წარმატებული მაგალითი ევროკავშირისთვის. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ესეთ შეფასებებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ. საქართველო ნამდვილად კარგ ფორმაში ხვდება სამიტს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამიტი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისა და ზოგადად პარტნიორობისთვის და რომ საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარება იქნება მტკიცე და ურყევი და ეს გამოხატული იქნება როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ და პოლიტიკურ დახმარებაში“ – განაცხადა მინისტრმა.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.