მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი მიზანია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ეფექტური გახდეს
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მიზანია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ეფექტური გახდეს და კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მოხდეს.
როგორც ჟურნალისტებს ჯანელიძემ განუცხადა, სამწუხაროდ, ამ ფორმატში ძალიან ბევრი რაუნდი გაიმართა, რომელიც ეხება ძალის არგამოყენებას, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას.
“სამწუხაროდ, გადაწვეტილებების მიღება ვერ ხდება და ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობა მოხდეს, რათა ჩვენ შევძლოთ საკითხების გადაჭრა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის გზების მოძებნა”, – განაცხადა ჯანელიძემ.
როგორც გუშინ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მზად არის ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჩაერთოს. მისივე თქიმით, მოთხოვნა და თხოვნაცაა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატი გაფართოვდეს და ჟენევის ფორმატს კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს.