მიხეილ ჯანელიძე - გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი ვიყავი, მაგრამ წასვლა ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო
მიხეილ ჯანელიძე - გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი ვიყავი, მაგრამ წასვლა ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა.

ამასთან, ჯანელიძის განცხადებით, ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყო, თუმცა მთავრობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

„ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელიც თავიდანვე განვაცხადე. პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო, რომ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მუშაობა მომიწია, როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ მთავრობის წევრად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო. რა თქმა უნდა, მისი გუნდის წევრი ვიყავი, მაგრამ წასვლა ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც თბილისში მიმდინარე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OPG) სამიტში მონაწილეობს.

რაც შეეხება ყოფილი მინისტრების – ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვებს მთავარ პროკურატურაში, როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, მას ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს და განმარტებებს ვერ გააკეთებს.

„გუშინ როგორც მოვისმინე, დიმიტრი ქუმსიშვილმაც და ზურაბ ალავიძემაც ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს. მე არც დამატებითი ინფორმაცია მაქვს და ვერანაირ დამატებით განმარტებებს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ დატოვა.