გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს
გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მოთხოვნა და თხოვნაცაა  სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატი გაფართოვდეს და  ჟენევის ფორმატს კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს.

„არაერთი მოლაპარაკება, მათ შორის, 90-იან წლებში,  ბოლო პერიოდშიც ფუჭი აღმოჩნდა და სამწუხაროდ, არ შესრულდა ვალდებულებები რუსეთის მხრიდან. ამიტომ კიდევ ერთხელ რომ არ აღმოვჩნდეთ ასეთ სიტუაციაში, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფრის გასაჯაროება ალბათ რთული იქნება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა არსებული ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებში პირველ რიგში, ავწიოთ დონე და მინისტრის მოადგილის დონიდან გადავიდეთ მინიმუმ მინისტრის დონეზე და მზად ვარ, პრემიერ-მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაცაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის ფუნქციაც და მანდატიც მივანიჭოთ ამ ფორმატს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია, განხორციელდეს გარკვეული ძვრები. რუსეთის ქმედებები დღეს ამის იმედს არ იძლევა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ ამ კონსტრუქციულ მიდგომას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.