მიხეილ გიორგაძემ კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა
მიხეილ გიორგაძემ კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა დასრულებული და ჯერ კიდევ მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს რამდენიმე ათეული შენობის მასშტაბური რეაბილიტაცია.მათ შორის, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის I კორპუსს.

მიხეილ გიორგაძემ საკუთარ ანგარიშში წარმოადგინა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი. მისი თქმით, ახალი შენობა ექნება თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრსაც (ყოფილი „რკინიგზელთა კულტურის სახლი“), მიმდინარეობს თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახალი შენობის მშენებლობა და ისტორიული შენობის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები.

მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ასევე უმჯობესდება ინფრასტრუქტურული პრობლემები თბილისისა და რეგიონების 20 თეატრში. მისივე თქმით, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია.

მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, ასევე მოგვარდა ინფრასტრუქტურული პრობლემები ექვს სახელოვნებო სასწავლებელში, მათ შორის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;

18 მუზეუმში უმჯობესდება ინფრასტრუქტურული საკითხები, მათ შორის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი;

მიხეილ გიორგაძემ ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურული საკითხები საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საქართველოს მწერალთა სახლში.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის შენობის საკითხის მოგვარება, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის თეატრალური მინიქალაქის მოწყობა, ვ.ჭაბუკიანის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლისთვის და ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედისთვის“ შენობის გამოყოფა.

სახელოვნებო სასწავლებლებისა და თეატრების გარდა, კულტურის და სპორტის მინისტრმა ბოლო წლების განმავლობაში სპორტის მიმართულებით ქვეყანაში წამოწყებული პროექტებიც წარმოადგინა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში სპორტის მიმართულებით ქვეყანამ წამოიწყო ინფრასტრუქტურის უპრეცედენტო მშენებლობა. უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში გაიხსნება მრავალფუნქციური, ორდარბაზიანი სამი სპორტის სასახლე რეგიონებში – გორში, თელავსა და ბათუმში.

„დასასრულს უახლოვდება თბილისსა და გორში ფეხბურთისა და რაგბის სრულიად ახალი 10 სტადიონის მშენებლობა.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით საქართველოს ცხრა ქალაქში გვაქვს თანამდეროვე სტანდარტების 15 სარაგბო ბაზა 23 სტადიონით.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას და თბილისსა და რეგიონებში. უახლოეს მომავალში იგეგმება ყინულის სასახლის, ჭიდაობის სახლის, სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის (რეაბილიტაცია-მშენებლობა), მძლეოსნობის მოედნის, სამთო-სათხილამურო სპორტის საზაფხულო სავარჯიშო დარბაზის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტისა და სპორტული კოლეჯის მშენებლობას. გადაიხურება თბილისში მდებარე ოლიმპიური აუზი, რის შემდეგაც აუზზე შესაძლებელი იქნება ვარჯიში ზამთრის პერიოდშიც, ასევე ვაგრძელებთ გარე სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟებას რეგიონებში.

გარდა ამისა, დაგეგმილია კულტურული და სპორტული ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შენობების ფასადების კეთილმოწყობა და ადაპტირება შშმ პირებისათვის“, – აღნიშნულია კულტურის მინისტრის ანგარიშში.