კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, “კულტურის სტრატეგია 2025”-ის განხორციელების პირველი წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.
ანგარიშის პრეზენტაცია მოიცავს 2017 წელს სამინისტროების საქმიანობის მიღწევებს, კულტურის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად: კულტურისა და სახელოვნებო განათლების განვითარება, ცნობიერების ამაღლება და ინტერნაციონალიზაცია. შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, კულტურის პოპულარიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და კულტურული მმართველობის გაუმჯობესება.
საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, პირველი დოკუმენტია ამ მიმართულებით, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ კულტურის დარგების განვითარებას.
კულტურის მინისტრის განმარტებით, დოკუმენტში ნათლად არის განსაზღვრული პრიორიტეტები და გამოწვევები.
“შარშან ზაფხულში მთავრობამ პირველად დაამტკიცა კულტურის სტრატეგია და ეს გახლავთ სახელმწიფო ხედვა, გრძელვადიანი, 10 წლიანი ხედვა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან გამჭვირვალედ, საჯაროდ და მაქსიმალური ჩართულობით შემუშავდა. პრიორიტეტები, რომელიც განსაზღვრულია, სრულად შესაბამისობაშია მთავრობის რეფორმების ოთხ პუნქტიან გეგმასთან. ეს გახლავთ განათლება და ცნობიერების ამაღლება, ინფრასტრუქტურა, შემოქმედებითი ინდუსტრიები და კარგი მმართველობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კულტურის სტრატეგიის იმპლემენტაციის ერთი წლის შედეგებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არაერთი ასეთი სტრატეგიული დოკუმენტი გვინახავს, რომელიც შემუშავებულა და შემდეგ თაროზე დადებულა, მას პრაქტიკული გამოყენება არ მოჰყოლია.
ეს ოთხი პრიორიტეტი არის 2017-2018 წლებისთვის განსაზღვრული, ამიტომ მომავალ წელსაც ამ პრიორიტეტების მიხედვით ვიმუშავებთ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.