მიხეილ ჭკუასელი - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი პოლიტიკური ფაქტორია და მდგრადი ალტერნატივები უნდა ვეძებოთ
მიხეილ ჭკუასელი - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი პოლიტიკური ფაქტორია და მდგრადი ალტერნატივები უნდა ვეძებოთ

გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი პოლიტიკური ფაქტორია და ჩვენ მდგრადი ალტერნატივები უნდა ვეძებოთ, – ამის შესახებ კომპანია „გურიელის” დამფუძნებელმა, მიხეილ ჭკუასელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყოველთვის შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს დროებითი კეთილგანწყობა და ხელშეწყობის რეჟიმი, რომელიც ქართულ პროდუქტებს შეექმნა. სხვათა შორის, არა მხოლოდ ექსპორტის, არამედ იმპორტის ნაწილშიც. ამიტომ, ჩვენ ალტერნატივები უნდა ვეძებოთ და ეს ალტერნატივები მდგრადი უნდა იყოს. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ფრთხილი უნდა იყოს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ცალკე აღებული ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ჭკუასელმა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მომხმარებლური ეკონომიკის ქვეყანა ვართ და არა მწარმოებელი ქვეყანა.

„ამ დროს, ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ მწარმოებელი ქვეყანა გავხდეთ. თვითკმარი ენერგეტიკული სისტემა არის ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის. ჩვენ შეგვიძლია, უფრო მეტი ვაწარმოოთ და არა მხოლოდ თვითკმარი გავხდეთ, არამედ პროფიციტული ელექტროენერგია გვქონდეს. ისეთ ადგილას ვიმყოფებით, რომ შეგვიძლია, ენერგეტიკული ჰაბიც კი გავხდეთ, რადგან შეგვიძლია, ჩავერთოთ იმ ენერგეტიკულ პოლიტიკაში, რომლებიც დღეს ევროკავშირში მიმდინარეობს და შეგვიძლია, ამ თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ. ამ თვალსაზრისით, მოსახლეობაში არსებული განწყობები ალბათ, ხელისუფლების ნაკლები მუშაობის შედეგია. მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ ის, რომ თუ ეკოლოგიური უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტებს უპირობოდ დავიცავთ, შეგვიძლია, ელექტრო ენერგიის მწარმოებელი ვიყოთ, რაც ჩვენთვის დამოუკიდებლობის ტოლფასია “, – განაცხადა ჭკუასელმა. 

როგორც ჭკუასელმა აღნიშნა, დღეს, ხორბალიც იმპორტზეა დამოკიდებული და მათ შორის – რუსეთზე, მაშინ, როცა შეგვიძლია, ის ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ და მინიმუმ, ორ-სამ წელიწადში საკუთარი მოთხოვნილება 80%-ით მაინც დავიკმაყოფილოთ.

„საკითხი ყველა მიმართულებით ასე უნდა დადგეს“, – განაცხადა ჭკუასელმა.

მისივე თქმით, რაციონალური მიდგომიდან გამომდინარე, უარი არც ერთ ბაზარზე არ უნდა ვთქვათ და მათ შორის, რუსეთზე, რომელიც ჩვენი მეზობელია, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში, ყველა სასაქონლო პოზიციის მიხედვით, საქართველოს ვაჭრობის წილი მაქსიმუმ, 5-7% შეიძლება იყოს და შეგვიძლია, ბევრად უფრო მყარი პოზიციები გვქონდეს, როგორც საექსპორტო, ისე იმპორტის ჩანაცვლების კუთხით.