მიხეილ ჩხენკელი პოლონეთის განათლების მინისტრს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი პოლონეთის განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, პშემისლავ ჩარნეკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეს თანადგომა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოსა და პოლონეთს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება. თავის მხრივ, პოლონეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს პარტნიორობისთვის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა – მინისტრები საქართველოსა და პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა. შედეგად, უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა პშემისლავ ჩარნეკს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია და სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.

პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველი და პოლონელი მეცნიერები ადრონული თერაპიის ცენტრში ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.

პოლონეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემის მეგაპროექტს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის ფარგლებში, ქართველ და პოლონელ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და განაცხადეს, რომ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პშემისლავ ჩარნეკი საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.