მიხეილ ბენიძე - ამ ეტაპზე არ გვაქვს განცდა, რომ წყარომ შეცდომაში შეგვიყვანა
მიხეილ ბენიძე - ამ ეტაპზე არ გვაქვს განცდა, რომ წყარომ შეცდომაში შეგვიყვანა

ამ ეტაპზე არ გვაქვს განცდა, რომ წყარომ შეგვიყვანა შეცდომაში, მინიმუმ მისასალმებელია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარ პროკურატურას მიაწოდეს ის ინფორმაცია, რომლის შესახებაც საჯარო განცხადებებშიც საუბრობენ.

„კითხვები ბუნებრივია ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას. მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ისედაც არის გაცხადებული ჩვენ მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებაში. ვისაუბრეთ ყველა იმ დეტალზე, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი იყო და რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ.

რა თქმა უნდა, წყაროს დასახელებას გვთხოვდნენ, მაგრამ არ დაგვისახელებია, რადგან ვსარგებლობთ და ვმოქმედებთ, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია. წყარომ გაგვანდო ინფორმაცია იმ დათქმით, რომ მის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებს არ გავამჟღავნებდით. დაკითხვა ეხებოდა ამას და სხვადასხვა დეტალებს, რაზეც არის საუბარი“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი წყაროს ინფორმაციით, ყალბი ID ბარათების საქმეში ჩართულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.

„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გიორგაძე ჩართული არის ამ საქმეში. წყაროს ინფორმაციის საფუძველზე, მექმნება შთაბეჭდილება, რომ თათბირზე იყი გიორგაძე“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მათი წყარო „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ ბენიძე პასუხობს, რომ ვაშაძე მათი წყარო არ არის.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.

სამივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი პროკურატურაში დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, პროკურატურას უთხრეს, რაც განცხადებაში უწერიათ და საქმეზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის თქმით, წყარო საუბრობდა თათბირზე, რომელიც სავარაუდოდ, 5 ნოემბრის კვირაში გაიმართა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეკა გიგაურისა და ირმა პავლიაშვილის გამოკითხვაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე მათგანმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი  ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.