მიხეილ ბენიძე - „სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცა
მიხეილ ბენიძე - „სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება შუალედური არჩევნების მეორე ტურს აკვირდება.  როგორც საინფორმაციო ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, „სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცა.

მისივე თქმით, მთაწმინდის ოლქის ყველა (100%) საარჩევნო უბანი მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 08:00 საათისთვის.

როგორც ბენიძემ აღნიშნა, დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

„ტენდენციის სახით შეინიშნება, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #11, #18, #22, #32 და #33 საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ სახელისა და გვარის მიხედვით.

#11 საარჩევნო უბანზე აღნიშნულს ახორციელებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მრავალეთნიკური ერთობა“ წარმომადგენელი; #18 და #32 საარჩევნო უბნებზე – „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის“ წარმომადგენელი; #22 საარჩევნო უბანზე – „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელი; #33 საარჩევნო უბანზე – „სამართალდამცავთა დაცვის ლიგას“ წარმომადგენელი.

#12 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტი დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, რასაც უთანხმოება მოჰყვა. ცესკოს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ რეგისტრატორი ჩამოაშორეს მისი ფუნქციების განხორციელებას და პრობლემა აღმოიფხვრა.

#3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს შვილის გრაფაში მოაწერინა ხელი“,- განაცხადა ბენიძემ.

„სამართლიანი არჩევნები“ შუალედური არჩევნების მეორე ტურს სრული დაფარვით, 31 მოკლევადიანი დამკვირვებლის, ერთი ოლქის დამკვირვებლისა და ორი მობილური ჯგუფის მეშვეობით, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით აკვირდება.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.