ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე პროკურატურაში ხვალ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გამოიკითხებიან
ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე პროკურატურაში ხვალ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გამოიკითხებიან

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე ​პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გამოიკითხებიან. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საია-ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

ასევე, ხვალ, საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.