მიხეილ ბენიძე - უბნების უმრავლესობაზე არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა ზუგდიდსა და მარნეულში კენჭისყრა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა
მიხეილ ბენიძე - უბნების უმრავლესობაზე არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა ზუგდიდსა და მარნეულში კენჭისყრა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ შუალედური არჩევნების თემაზე ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა კენჭისყრა ზუგდიდსა და მარნეულში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით პრობლემური კი მარნეულის #68 და #84 საარჩევნო უბნები იყო.

როგორც მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დაფიქსირდა. მისი თქმით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, უკანონო აგიტაციას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ასევე რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნა.

ამ დროისთვის სამართლიანი არჩევნების მიერ საუბნო კომისიებში წარმოდგენილია 46, ხოლო საოლქო კომისიებში – 38 საჩივარი.

„სამართლიანი არჩევნები“ ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციას 20 მაისს გამოაქვეყნებს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებს მონიტორინგს 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით თორმეტივე საარჩევნო ოლქში ახორციელებდა.