მიხეილ ბენიძე - „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ეძლევათ დაკვირვების საშუალება
მიხეილ ბენიძე - „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ეძლევათ დაკვირვების საშუალება

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. მისივე თქმით, ორგანიზაცია 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებს მონიტორინგს 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით თორმეტივე საარჩევნო ოლქში ახორციელებს.

მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა გამოვლინდა ხარვეზებიც. მათ შორის, მარნეულის N68-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვა, ზუგდიდის ორ უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები დროულად არ დაუშვეს, ასევე ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება შეეზღუდა.