მიხეილ ბენიძე - არჩევნების დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო განცხადებებს
მიხეილ ბენიძე - არჩევნების დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო განცხადებებს

არჩევნების დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მხარე, მით უმეტეს პოლიტიკოსები, განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმ საჯარო განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ფეისბუქლაივზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ ბენიძის თქმით, მნიშვნელოვანია დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გაკეთდეს მოწოდებები, რომელიც დაძაბულ ვითარებას რიგ რეგიონებში კიდევ უფრო დაამძიმებს.

„მივიჩნევ, რომ არჩევნების დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მხარე, მით უმეტეს პოლიტიკოსები, განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმ საჯარო განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს რაიმე სახის ესკალაციას არ ჰქონდეს ადგილი.

ჩვენი ყველას, ამ ქვეყნის ინტერესია, რომ არჩევნების დღემ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამის უზრუნველყოფა და ამაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სამართალდამცავი უწყებებია, მაგრამ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, არჩევნებში მონაწილე მხარეებმა, თავიანთი მოქმედებებით ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

სადაც ფიქსირდება ხარვეზები და დარღვევები, მნიშვნელოვანია მათზე რეაგირება და სამართლებრივი შეფასება, შესაბამისი პროცედურებით ამ დარღვევების აღმოფხვრა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ რაიმე სახის მოწოდებები არ გაკეთდეს რომელიც ამ დაძაბულ ვითარებას რიგ რეგიონებში კიდევ უფრო დაამძიმებს”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს მომხრეებს „ფეისბუქლაივით“ მიმართა და მოუწოდა, რომ არაფრის შეეშინდეთ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არ აპირებს ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას.