მიხეილ ბატიაშვილი - ამერიკულ უნივერსიტეტებთან საპარტნიორო პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გრძელვადიან პერსპექტივას
მიხეილ ბატიაშვილი - ამერიკულ უნივერსიტეტებთან საპარტნიორო პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გრძელვადიან პერსპექტივას

ამერიკულ უნივერსიტეტებთან საპარტნიორო პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გრძელვადიან პერსპექტივას. ამერიკული მხარე ენდობა და აღიარებს საქართველოს ტექნოლოგიური მიმართულების სწავლების ხარისხს. ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ აშშ-ის ელიტური სამხედრო კოლეჯების კადეტები ტექნოლოგიური მიმართულებით სამთვიან სწავლებას ზაფხულში საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაივლიან,- ამის შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სამხედრო სასწავლებლებსა და საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ახლახანს დამყარებული პარტნიორობა და ზოგადად, საქართველოს განათლების მოდელის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს.

ბატიაშვილის განმარტებით, ამერიკულ სამხედრო სასწავლებლებთან პარტნიორობის ფარგლებში აშშ-ის ელიტური სამხედრო სასწავლებლების ციტადელის სამხედრო კოლეჯისა და ჯორჯიის სამხედრო კოლეჯის კადეტები 2020 წლის ზაფხულში სამთვიან სწავლებას ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტში გაივლიან.

„დაახლოებით რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვან შეთანხმებამდე მივედით, რომელიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ისეთი უნივერსიტეტები, როგორიცაა ციტადელი და ჯორჯიის სამხედრო უნივერსიტეტი, ითვლებიან უნივერსიტეტებად, რომლებიც სწორედ ამერიკულ სამხედრო ელიტას უშვებენ. ესენი არიან ის მომავალი გენერლები, წარმატებული სამხედროები, რომლებიც არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნიან ძალიან მნიშვნელოვან სფეროს. შეირჩა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, სადაც ორივე უნივერსიტეტის კადეტები ტექნოლოგიების მიმართულებით ისწავლიან. მართლაც საამაყოა, რომ ამერიკული მხარე ენდობა, აღიარებს სწავლების იმ ხარისხს, თანაც სწორედ ტექნოლოგიების მიმართულებით”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ამერიკულ მხარესთან პარტნიორობის დამადასტურებელ სხვა მნიშვნელოვან პროექტებსაც. მისი განმარტებით, წლის დასაწყისში იმავე უნივერსიტეტში რეგიონში პირველად ოფიციალური სასწავლო კურსი დაიწყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, რომელიც მსოფლიო დონეზე ტექნოლოგიების მიმართულებით საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება. ორი კვირის წინ კი, უნივერსიტეტმა საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობას ტექნოლოგიების სამჭედლოდ აღიარებული „სილიკონ ველის“ სივრცეში მოქმედ ვებსტერის უნივერსიტეტთან. ვებსტერის უნივერსიტეტი ქართული პარტნიორი უნივერსიტეტის ბაზაზე 2021 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და მსურველებს ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებებს შესთავაზებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.

ბატიაშვილის მოსაზრებით, აღნიშნული საპარტნიორო პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გრძელვადიან პერსპექტივას.

„ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია. ეს სამი პროექტი, რომლებიც ვახსენეთ, არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტისთვის არის საამაყო, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აშშ სწორედ საქართველოს ენდობა და ეს მომავალი სამხედროები, გენერლები საქართველოში ისწავლიან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ისეთი პრეცედენტი შევქმენით, რომ იგივე სხვა ქვეყნებისთვის ჩვენი განათლების გაფართოებისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა. დღეს მოგეხსენებათ სამხედრო სფერო არ არის მხოლოდ ტექნიკაზე დამოკიდებული, ბევრ საკითხს ტექნოლოგიები წყვეტს. დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია ეს ისეთი სფეროა, რადგან საინფორმაციო უსაფრთხოებას ეხება. ამიტომ სწორედ იმ სპეციფიკაზეა დაფუძნებული, რაზეც ყველაზე თანამედროვე ცოდნა. დღეს სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიები თამაშობს მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს იგივე სამხედრო წარმატებაში და ის ცოდნა, რაც აქ მათი ჩართულობით დარჩება, საქართველოს სამხედრო სფეროშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზის აღიარება. რა თქმა უნდა, ამერიკა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ის სამი პროექტი, რაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში თვენახევრის განმავლობაში დაიწყო, მიანიშნებს რომ ეს თანამშრომლობა არის სტრატეგიული, გრძელვადიანი და კიდევ უფრო გაიზრდება“, -განუცხადა მიხეილ ბატიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი