კობა გვენეტაძე - დარწმუნებული ვარ, დღევანდელ სიტუაციას გადავლახავთ და ზრდის უფრო მაღალ ტრაექტორიას დავუბრუნდებით, ვიდრე აქამდე გვქონდა
კობა გვენეტაძე - დარწმუნებული ვარ, დღევანდელ სიტუაციას გადავლახავთ და ზრდის უფრო მაღალ ტრაექტორიას დავუბრუნდებით, ვიდრე აქამდე გვქონდა

დარწმუნებული ვარ, გათვლილი არაპოპულისტური ნაბიჯებით დღევანდელ სიტუაციას გადავლახავთ და ზრდის უფრო მაღალ ტრაექტორიას დავუბრუნდებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვეტენაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პანდემიის ფონზე არსებული მაკროეკონომიკური გამოწვევები განიხილეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა უზურნველყოფილია ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წყალობით. მიმდინარე კრიზისიდან გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა საბანკო სექტორს მოკლევადიან პერიოდში გარკვეული რეგულაციები დროებით შეურბილა და მზადაა, ინფლაციაზე წნეხის შერბილების მიზნით ინტერვენციები განახორციელოს, თუმცა კრიზისის გადავლის შემდეგ ისევ უცხოური სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე გადავა.

„მოკლევადიან პერიოდში რა გაკეთდა: პირველი ის, რომ მთავრობასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამხელა საგადამხდელო ბალანსის სხვანაირად შევსება შეუძლებელია. მეორე – ჩვენ საზედამხედველო ჩარჩოს საგრძნობი შემსუბუქება გავაკეთეთ. კაპიტალზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია, კონცენტრაციისა და რისკის დებულება, რომელიც ასევე გარკვეულწილად ზღუდავს ზედამხედველობას, შევამცირეთ და რაც მთავარია, სვოპებით ლიკვიდობის მიწოდება. ეს არის იმ პერიოდში, სანამ კრიზისს გავივლით. მერე მზე რომ გამოვა, ისევ უნდა დაიწყოს ბუფერების დაგროვება. მაგრამ ჯერ ეს უნდა გადაილახოს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, მათი სესხების სუბსიდირების გზით, ეროვნულ ბანკს ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვაც სურს.

„გარდა კომერციული ბანკებისა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთოს ამაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვსაყვედურობენ ეროვნულ ბანკს, ჩვენ ეს სექტორი ძალიან გავაჯანსაღეთ. იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, ჯანსაღი კაპიტალი აქვთ და გვინდა, ისინიც ჩავრთოთ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი მოსაზრებით, არსებული ანტიკრიზისული პოლიტიკა შედეგს გამოიღებს და კრიზისის დასრულების შემდეგ ქვეყანა უკეთესი ზრდის ტრაექტორიას დაუბრუნდება.

„ვფიქრობ, გათვლილი არაპოპულისტური ნაბიჯები, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში საკითხების გადაწყვეტას და ამავე დროს საშუალოვადიან პერიოდზე ფიქრს ითვალისწინებს, აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ დღევანდელ სიტუაციას დავძლევთ და ზრდის უფრო მაღალ ტრაექტორიას დავუბრუნდებით, ვიდრე აქამდე გვქონდა. ეს მოხდება როგორც კი ეს სამედიცინო, ეპიდემიოლოგიური პრობლემები დამთავრდება, ეკონომიკა გაიხსნება და ძველი კავშირები აღდგება. გარკვეული პერიოდი სირთულეები იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორი, რაც მთავარია, არაპოპულისტური მიდგომებით, რაც დღეს კეთდება, ამ სიტუაციას გადავლახავთ“, – განუცხადა კობა გვენეტაძემ „ბიზნესპარტნიორს“.