საქართველოში ტოკენიზაციის პიონერი - ძმები არველაძეების მაისურებს კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაცია მიენიჭათ #1TVSPORT
საქართველოში ტოკენიზაციის პიონერი - ძმები არველაძეების მაისურებს კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაცია მიენიჭათ #1TVSPORT

ძმები შოთი და აჩი არველაძეების მაისურები, რომლითაც მათ 1997 წელს ნიდერლანდების ჩემპიონატში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს (შოთიმ -„აიაქსში“, აჩიმ – „ბრედაში“), საქართველოში ტოკენიზაციის პიონერია.

ნფტ (NFT) ტოკენი ქართულ რეალობაში შემოდის. NFT არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ქონება, ხშირ შემთხვევაში ციფრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც უბრალო სურათის მსგავსი არაა. მისი განსხვავება ის არის, რომ კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაცია აქვს, რაც ნიშნავს, რომ NFT-ს ავტორს, მისი ნამუშევრისთვის აქვს მინიჭებული უნიკალური NFT-ს ტიტული (Badge) – ეს ადასტურებს, რომ ნამუშევარი არის ორიგინალი. მსგავსი ნამუშევრები სხვადასხვა ონლაინ-აუქციონებზე იყიდება.

ამის შესახებ უფრო დეტალურად პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრეს, სადაც შოთა და აჩიკო არველაძეები სტუმრები იყვნენ.

„დღეს მაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც გადაცემაში ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო, ძვირფასი და ახლობელი თემებია თავმოყრილი – აქ არის სპორტი და ფეხბურთი, ეკონომიკა და ის NFT-ტექნოლოგიები, რომლებიც კიდევ უფრო გვეხმარება, გავიგოთ თანამედროვე ეკონომიკის შესახებ. ასევე გვეხმარება შევქმნათ ისეთი ციფრული ღირებულება, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გადაცემის თანაწამყვანმა, კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა, რომელიც იტალიური გრანდის, ტურინის „იუვენტუსის“ ქართული ფან-ჯგუფის მხარდამჭერია.

არჩილ არველაძე:

„რატომ გადავწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა? თავდაპირველად ბიზნესმენი პავლე მგელაძე დაგვიკავშირდა და ამის ახსნა დაიწყო. პირველი ინფორმაცია გაუგებარი იყო, მაგრამ რომ მივხვდით, მაგალითებიც გაგვახსენდა. იდეის ავტორი პავლეა. მე და შოთისთვის ყველაზე ემოციური იყო, რადგან ფეხბურთსაც უკავშირდება, ცხოვრებასაც და ძმობასაც. მაშინ მე და შოთამ ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ვითამაშეთ და მაისურები პირველად გავცვალეთ. ეს ჩვენთვის არის ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი, რაც კი ოდესმე გვქონია. ზუსტად ამ ემოციამ გახადა ეს მაისურები ის, რაც დღეს შეიძლება დავარქვათ ციფრული კრიპტოაქტივი. ჩვენი მიზანი იყო, ამ საქმეში პირველები ვყოფილიყავით“.

ახალგაზრდა ბიზნესმენი პავლე მგელაძე, რომელსაც არველაძეების მაისურების ტოკენიზაციის იდეა ეკუთვნის, დარწმუნებულია, რომ არველაძეების ამ მაისურების ფასის ზრდა გარდაუვალია:

„რადგან ეს საქართველოში პირველი პრეცედენტია. თანაც დღეს მსოფლიოში კრიპტოსაფულე მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს აქვს. ეს ციფრი 50 პროცენტამდე რომ გაიზრდება, მისი ფასი კიდევ უფრო მოიმატებს“.

მიხეილ ჭკუასელი:

„დღეს ფეხბურთში ეკონომიკა დიდი წილით არის შესული. ვერავინ იტყვის, რომ კლუბი ახლა მხოლოდ სპორტია, ის ეკონომიკური სუბიექტია. აქამდე მსგავსი რამ მაინც კლუბისგან ხდებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფანების აქტიური ჩართვა ხდება“.