ბექა გონაშვილი - სოფლის მეურნეობაში უნდა მოვახერხოთ სრული ციკლის შეკვრა და თანამედროვე ცოდნის შეტანა
ბექა გონაშვილი - სოფლის მეურნეობაში უნდა მოვახერხოთ სრული ციკლის შეკვრა და თანამედროვე ცოდნის შეტანა

სოფლის მეურნეობაში უნდა მოვახერხოთ სრული ციკლის შეკვრა და თანამედროვე ცოდნის შეტანა, – მის შესახებ „საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პანდემიის უარყოფითი შედეგების დაძლევის მიზნით შემუშავებული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც სოფლის მეურნეობას პრიორიტეტად აცხადებს და ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვან საგრანტო-საფინანსო მექანიზმებს სთავაზობს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აგრარული სექტორს ორ კომპონენტზე გააკეთებს, როგორიცაა ერთწლიანი კულტურებისა და მეხორცეული მეცხოველეობის განვითარება. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში მეხორცეული მეცხოველეობის წახალისების მიზნით, სახელმწიფო ბენეფიციარებზე გასაცემი სესხების უზრუნველყოფას 50 პროცენტით თავის თავზე იღებს.

გონაშვილის განმარტებით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში „საქართველოს ბანკთან“ ერთად მეხორცეული მეცხოველეობის მიმართულების განვითარების მიზნობრივი პროექტი შეიქმნა, რომელშიც სახელმწიფოც ჩართულია. ეს პროექტი აღნიშნულ სექტორში ფინანსებთან ერთად თანამედროვე ცოდნის შეტანას ემსახურება.

„სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ საქართველოში მეხორცული მიმართულების ფერმერებს, რომლებსაც შეიძლება ერთდროულად 200-300 სული საქონელიც კი ჰყავდეთ დაბმული, სასწორიც კი არა აქვთ, რომ მათი წონის ნამატი და ანალიზი გააკეთონ და ა.შ. თვალით ზომავენ საკუთარ შემოსავლებს. ეს არის ერთ-ერთი პატარა ნაწილი, რომლის გამოსწორებაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ასეთი პროექტებით. ჩვენ ამ ადამიანებს უნდა დავანახოთ, თუ რატომ არის საჭირო თუნდაც ვეტერინარი სპეციალისტი იყოს ფერმაზე მიმაგრებული, რომელიც უყურებს და ზედამხედველობს ამ პროცესს. საუბარი იმაზეა, რომ უნდა მოვახერხოთ და შევკრათ სრული ციკლი. ვფიქრობ ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ზოგადად სოფლის მეურნეობაში. მე არ ვარ ისეთი გამსხვილების მომხრე, როგორიცაა მაგალითად ტრაქტორს მოგცემ ამიტომ გაერთიანდი. ეს მეთოდი არასოდეს ამართლებს. ჩვენ შინაარსობრივად უნდა გავაერთიანოთ ადამიანები და ვანახოთ ის წერტილები, სადაც შეიძლება გადაიკვეთონ და ითანამშრომლონ. ამ წერტილების მონახვა შესაძლებელი გახდა ფინანსური ინსტიტუტის და სახელმწიფოს მონაწილეობით. ამის გარეშე რთულია ამის გაკეთება“, – განაცხადა გონაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ერთის მხრივ ადგილობრივი ხორცის წარმოების გაზრდას ემსახურება, ხოლო მეორე მხრივ ზოგადად ხორცის წარმოების სისტემატიზაციის წახალისებას ისახავს მიზნად.

„გვინდა, რომ ადამიანებს, ვისაც წარმოების გაზრდა შეუძლიათ, აქვთ შესაბამისი ცოდნა და სურვილიც, ამის საშუალება მივცეთ. მეორე კომპონენტი, რომელიც თანმდევი კომპონენტია არის დანარჩენი ნედლეულის წარმოება. საუბარი მაქვს ახალგაზრდა პირუტყვზე, რომელიც ქვეყანაში იბადება და შემდეგ ხდებოდა მისი ექსპორტი ძალიან დაბალ წონაში. ამის გამო ქვეყანაში უფრო ნაკლები ფული შემოდიოდა. ამიტომ ჩვენ გვინდა, შემდეგი კომპონენტი ის იყოს, რომ მთლიანად ხორცის წარმოება ქვეყნაში გახდეს სისტემატიზებული. იმიტომ, რომ ამ რგოლში არ არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი. აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ფერმერის ან თუნდაც ვეტერინარის მონაწილეობა, ისე საბოლოო გაყიდვის წერტილი ერთი ჯაჭვის შემადგენელი რგოლებად უნდა ჩამოყალიბდნენ. ამის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ამით გვინდა, ერთის მხრივ დაფინანსებული ფერმების მოცულობა გავზარდოთ და მეორე მხრივ – ცოდნა შევიტანოთ. ცოდნის გარეშე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნას გულისხმობს, წინ ვერ წავალთ. დღეს როგორც მეხორცული, მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და რძის წარმოების კუთხით არის პრობლემა ქვეყანაში, ასევე არის მემარცვლეობის მიმართულებითაც. როცა ერთწლოვან კულტურებზე ვლაპარაკობთ, მთავრი პრობლემა მაინც ცოდნასა და ტექნოლოგიებზე გადის. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ადამიანები მეთოდებით ახდენენ პროდუქციის წარმოებას და არა ტექნოლოგიებით, რაც ოცდამეერთე საუკუნეში ძალიან ცუდია“, – განუცხადა ბექა გონაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.