კობა გვენეტაძე - როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციაზე წნეხი მოიხსნება
კობა გვენეტაძე - როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციაზე წნეხი მოიხსნება

როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციაზე წნეხი მოიხსნება; გარკევულ პერიოდში ფასების ზრდას ფასების შემცირება მოჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვეტენაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პანდემიის ფონზე არსებული მაკროეკონომიკური გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა აპრილის თვეში ინფლაციის კვლავ გაზრდილ მაჩვენებელს, რომელიც თითქმის შვიდ პროცენტს აღწევს, რაც მიზნობრივი მაჩვენებლის ფაქტობრივად ორმაგი ოდენობაა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებით, ინფლაციური წნეხის ზრდას, ეპიდემიის გარდა, გასული წლის ზაფხულში მიღებულმა შოკმაც შეუქმნა წინაპირობა.

„სიტუაცია კიდევ უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე კორონავირუსის გამო იქნებოდა, რადგან ჩვენ გარკვეულწილად ერთი შოკი უკვე გამოვიარეთ, რომელიც გასული ზაფხულის მოვლენებს უკავშირდებოდა. მაშინ კურსი გაუფასურდა, ფასების საერთო დონე გაიზარდა. მივიღეთ ზომები და წელი საკმაოდ კარგი [ეკონომიკური] ზრდით დასრულდა, კურსმა გამყარება დაიწყო, ინფლაციამაც ზუსტად ისე პროგნოზირებულად დაიწყო შემცირება, როგორც ვვარაუდობდით. მაგრამ ახლა უკვე მეორე, გლობალური შოკი წამოგვეწია. ეს ძალიან ცუდია და გარკვეულწილად გაგრძელდა ეს პერიოდი. მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც ვერც ერთი ეროვნული ბანკი ვერაფერს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. დღესდღეობით მიწოდების ჯაჭვების გავლენაა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის პუბლიკაცია სავსებით ნათლად ასახავს, რომ მიწოდების არხები შემცირებულია, რაც ფასების ზრდას იწვევს. შესაბამისად, როდესაც ეს ჯაჭვი აღდგება, ინფლაციაზე წნეხიც მოიხსნება.

„საქსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ინფლაციაზე და იქ იყო ასეთი განმარტება, რომ ინფლაციაზე ინფორმაცია გროვდება ექვს ქალაქში [თვის] 10-დან 20 რიცხვამდე დაახლოებით 1800 პუნქტიდან. ამჯერად კომიტეტმა მხოლოდ 600 ადგილიდან შეძლო შეგროვება, რადგან 1150 ადგილი დაკეტილი იყო. ამიტომ ეს თავისთავად გვეუბნება, რომ მიწოდების არხები შემცირებულია. ხოლო სადაც არის, იქ დამატებითი ხარჯებია გასაკეთებელი. ამიტომ დასაიმედებლად შემიძლია, გითხრათ, რომ თუ გავიხსენებთ იმ პერიოდებს, ფასების ზრდას ყოველთვის ჰქონდა თავისი მიზეზი და ყოველთვის იყო რეაგირება, რომელსაც მოჰყვებოდა შემცირება, რადგან ის ზომები, რასაც ვიღებდით, იყო ადეკვატური. ახლაც ასეთი სიტუაციაა. უბრალოდ ამ სიტუაციაში შეუძლებელია ამის დაჩქარება. მაგრამ როგორც კი ამ სიტუაციიდან, რასაც ეკონომიკის ჩაკეტვა ჰქვია, ეტაპობრივად გამოსვლა მოხდება, როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება და დაბრუნდება ძველი პრაქტიკა, ეს წნეხი მოიხსნება. წელს ეკონომიკის ოთხი პროცენტით შემცირებას ველოდებით. ამიტომ მოთხოვნის ფაქტორი აუცილებლად გადაწონის ამას და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფასების ზრდის შემდეგ აუცილებლად იქნება პერიოდი, როდესაც ფასები შემცირდება“, – განუცხადა კობა გვენეტაძემ „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი