მიანმარის უზენაესმა სასამართლომ „როიტერსის“ ჟურნალისტების გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
მიანმარის უზენაესმა სასამართლომ „როიტერსის“ ჟურნალისტების გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

მიანმარის უზენაესმა სასამართლომ „როიტერსის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ გააუქმა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

გასული წლის სექტემბერში ჟურნალისტებს, ვა ლოუნს და კაიავ სოის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხელისულება მათ საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების მცდელობაში ადანაშაულებს. დაკავების დროს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებს აღნიშნული დოკუმენტები თან ჰქონდათ, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, ეს მათ ხელისუფლებამ სპეციალურად მოუწყო.

როიტერსის“ ჟურნალისტები დაკავებამდე ქვეყნის დასავლეთში არსებულ ვითარებაზე მუშაობდნენ. ისინი რაკჰაინის შტატში სამართალდამცველების და სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან როჰინჯების ეთნიკური ჯგუფის შევიწროვებას ინტენსიურად აშუქებდნენ. ჟურნალისტები სამხედრო მოსამსახურეების მიერ როჰინჯას ეთნიკური ჯგუფის 10 წარმომადგენლის მკვლელობაზე მტკიცებულებებს აგროვებდნენ. ისინი ანგარიშის გამოქვეყნებამდე დააკავეს.

აღნიშნული კონფლიქტი ბოლო პერიოდში გაეროს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. საერთაშორისო ორგანიზაცია ამის გამო ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის, მკაცრად აკრიტიკებს და თავდასხმების სამართლიანად გამოძიებას ითხოვს. მიანმარი საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი „როიტერსის“ ჟურნალისტების დაკავების გამოც გახდა.