მიანმარში ამერიკელ ჟურნალისტს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

12:39, 12.11.2021

სამხედრო მმართველობის ქვეშ მყოფი მიანმარის სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტს დენი ფენსტერს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ დაპატიმრებული ჟურნალისტის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

37 წლის ფენსტერი ჟურნალ Frontier Myanmar-ის მმართველი რედაქტორია. ის დამნაშავედ ცნეს საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევასა და წაქეზებაში, ასევე უკანონო გაერთიანებების შესახებ კანონის დარღვევაში.

დენი ფენსტერი მიანმარის დატოვებს მცდელობისას მაისში დააკავეს. მას შემდეგ ის იანგონის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. მას ასევე ბრალი აქვს წაყენებული ამბოხისკენ წაქეზებასა და ტერორიზმში. აღნიშნული დანაშაული 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.თავად დაკავებული ბრალს უარყოფს. ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს აშშ-ის ხელისუფლება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ფენსტერის დაკავებას უსამართლო უწოდა. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ ფენსტერისთვის გამოტანილ განაჩენს აღმაშფოთებელსა და მიუღებელს უწოდებს, წაყენებულ ბრალს კი გაყალბებულად აფასებს.

ფენსტერი ერთ-ერთია ათობით ჟურნალისტს შორის, რომლებიც მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს დააკავეს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელდა.

მსგავსი