ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში დაავადება შეაჩერა და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა — #1tvმეცნიერება
ოსტეოპოროზი ძვლების მძიმე და განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.
ჩნდება მაშინ, როცა სხეული ძვლებს იმაზე სწრაფად კარგავს, ვიდრე მისი ჩანაცვლება შეუძლია; შედეგად, ჩონჩხი დაბზარვისადმი მიდრეკილი ხდება.
მოწინავე გამოსავალი შეიძლება იყოს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა, რაც ხელს უშლის დაბზარვას და შეიძლება ძვლების განლევა გარკვეულწიულად უკუაქციოს კიდეც.
მეზენქიმური ღეროვანი/სტრომული უჯრედები (MSC) ოსტეობლასტების წინამორბედებია — უჯრედები, რომლებიც ძვალს წარმოქმნის და აღადგენს.
MSC-ების მოპოვება შესაძლებელია ძვლის ტვინში, ძვლების ცენტრში არსებულ ღრუბლისებრ ქსოვილში, შემდეგ კი ლაბორატორიაში შესაძლებელია მათი გამრავლება.
ეს შესაძლებლობა დიდხანს აჯადოებდა მეცნიერებს. თუმცა, არის ერთი პრობლემა — როცა მეზენქიმური ღეროვანი/სტრომული უჯრედები (MSC) თაგვების სისხლის მიმოქცევის სისტემაში დააბრუნეს, ძალიან ცოტა თუ აღმოჩნდა საბოლოოდ იქ, სადაც უნდა ყოფილიყო.
ადამიანებზე ჩატარებულ პირველ კლინიკურ კვლევაში, რომლის შედეგებიც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა, ეს ხარვეზი გამოასწორეს და მიდგომამ უზარმაზარი პოტენციალი აჩვენა.
ესპანელმა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ MSC-ების მოდიფიცირება შესაძლებელია ისე, რომ მათ „ძვლის ტვინის მისამართი“ მიენიჭოთ, რამაც შესაძლოა, ძვლის ზრდა გამოიწვიოს.
ცდაში მონაწილეობდა 50 წელს გადაცილებული 10 ქალი, რომლებსაც მოწინავე სტადიის ოსტეოპოროზი ჰქონდათ.
მათი სხეულიდან აღებული და მოდიფიცირებული მეზენქიმურ ღეროვანი/სტრომული უჯრედების (MSC) ერთი ინფუზიის შემდეგ, რომლებიც სპეციალური შაქრის გარსით იყო დაფარული, პაციენტებს აღენიშნათ სიმყიფის გამო ძვლების მოტეხილობის 94-პროცენტიანი მდგრადი შემცირება მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
კვლევაში მონაწილეებში, მოტეხილობების რაოდენობა, ინფუზიამდე არსებულ ორ წელიწადში საშუალოდ წელიწადში რვას შეადგენდა, ხოლო ინფუზიის შემდგომ ორ წელიწადში — წელიწადში 0,5-მდე შემცირდა.
სიმყიფით გამოწვეული მოტეხილობების შემცირება ოსტეოპოროზის ყველა თანამედროვე თერაპიის მთავარი მიზანია; თუმცა, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის ამ კონკრეტულმა მეთოდმა სხვა სარგებელიც გამოავლინა.
ინფუზიიდან ოთხი თვის შემდეგ, ძვლების ბიოფსიამ დადებითი ნიშნები აჩვენა.
მონაწილეებში ძვლის ქსოვილის მიერ დაკავებული ფართობი დაახლოებით 70 პროცენტით გაიზარდა.
ასეთი შედეგი აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ ახალმა MSC-მეთოდმა უბრალოდ კი არ შეანელოს, არამედ უკუაქციოს ოსტეოპოროზით გამოწვეული ძვლის დანაკარგის რაღაც ნაწილი.
ახალ კვლევაში არ მომხდარა მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების (MSC) თვალყურის დევნება მას შემდეგ, რაც ისინი ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებს შეუყვანეს; თუმცა, ძვლის წარმოქმნის მაჩვენებელი მარკერები პრეპარატის შეყვანიდან ნახევარი წლის განმავლობაში მომატებული დარჩა.
ინფუზიიდან ორი წლის შემდეგ, პაციენტების მოხსენებათა საფუძველზე დადგინდა, რომ 34 პროცენტით შემცირდა ძვლების ტკივილი, 30 პროცენტით კი შეზღუდული შესაძლებლობის ქულები.
კვლევაში გამოყენებულ ტექნოლოგიაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ფლობს თანაავტორი რობერტ საკშტაინი.
მან და მისმა კოლეგებმა უკვე აჩვენეს, რომ დიაბეტიან თაგვებში, მოდიფიცირებული MSC-ები შედიან პანკრეასში, სადაც ისინი დაავადებას უკუაქცევენ.
შესაძლებელია, რომ ასეთივე მეთოდები მიიღწეს ოსტეოპოროზის შემთხვევაშიც.
მეცნიერებმა თაგვებში აჩვენეს, რომ როცა MSC-ები სპეციალური შაქრის გარსითაა დაფარული, ისინი ძვალში ხელახლა შედიან, საბოლოოდ კი განაპირობებენ ქსოვილის გენერაციას.
ავტორთა განმარტებით, ახალ ცდაში MSC ინფუზიების შემდეგ დაბზარვის შემცირებას ვერ მივაწერთ ცხოვრების წესის ცვლილებას.
„უფრო მეტიც, ამის მიწერა არ შეიძლება არც მედიკამენტურ ცვლილებებზე… ვინაიდან ინფუზიის შემდგომ პერიოდში აღნიშნულ პაციენტებში მოტეხილობები არ დაფიქსირებულა…“, — განმარტავენ ავტორები.
სან-დიეგოში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი აჯიტ ვარკი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ შედეგები „საკმაოდ მნიშვნელოვანია“.
„ცდამ აჩვენა თითქმის 100-პროცენტიანი მდგრადი ეფექტიანობა რამდენიმე წლის განმავლობაში, თანაც გვერდითი ეფექტების გარეშე“.
თუმცა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოტეხილობების რაოდენობა შემცირდა, არ ამტკიცებს, რომ ამ თერაპიას ოსტეოპოროზის სიმპტომების უკუქცევა შეუძლია.
ამ ახალმა მკურნალობამ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ძვლის განახლების მარკერებში, ძვლოვანი ქსოვილის ფართობსა და ძვლის მინერალურ სიმკვრივეში.
თუმცა, განაპირობებს თუ არა ამას მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების (MSC) ძვალში დაბრუნება — ისე, როგორც ეს თაგვების შემთხვევაში ხდება?
ადამიანებზე კვლევაში ინფუზიის შემდეგ MSC-ებს აღარ აკვირდებოდნენ, შესაბამისად, უცნობია, რამდენმა მათგანმა მიაღწია ძვალს ან რამდენ ხანს დარჩნენ ისინი იქ.
ექიმი იან შაფერი ამას „მომაჯადოებელ ექსპერიმენტს“ უწოდებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ვერდიქტამდე რამდენიმე წელი გვაშორებს.
„MSC-ები 20-30 მიკრომეტრის სიგანისაა, ფილტვის კაპილარზე განიერი; შესაბამისად, ცირკულაციის პირველივე ფაზაში მათი 50-80 პროცენტი ფილტვებში იჭედება. დანარჩენთაგან ძალიან ცოტა აღწევს ძვლის ტვინში თავისით. შესაძლოა, ორგანიზმში პოტენციურად სასარგებლო უჯრედი ცირკულირებდეს, თუმცა საბოლოო შედეგი პრაქტიკულად ნულის ტოლი იყოს, რადგან ეს უჯრედი ვერასდროს აღწევს იმ ქსოვილამდე, რომლის მკურნალობაც გსურთ“, — განმარტავს შაფერი.
არ არის გამორიცხული ისიც, რომ ამ კვლევაში მიღებულ შედეგებს არაფერი ჰქონდეს საერთო მეზენქიმურ ღეროვან/სტრომულ უჯრედებთან.
არ მონაწილეობდა საკონტროლო ჯგუფი; ასევე, ქალების უმეტესობა იღებდა ოსტეოპოროზის სხვა პრეპარატებს. იმ დროისთვის ყველა მათგანს ტანჯავდა დაბზარვის სირთულეები.
მოტეხილობების რისკი მუდმივი არ არის. შაფერის აზრით, თუ ჯგუფს ყველაზე ცუდ მომენტში შევარჩევთ, დიდი ალბათობაა, რომ მოგვიანებით, მათი მდგომარეობა თავისით გაუმჯობესდეს.
ქალაქ მურსიის უნივერსიტეტის მეცნიერები ახლა შემდეგ კვლევას ამზადებენ, რომელსაც მოწინავე სტადიის ოსტეოპოროზის მქონე პაციენტთა უფრო დიდ კოჰორტაზე ჩაატარებენ.
ამ კვლევაში მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან, რათა მიიღონ სამიდან ერთი პრეპარატი — მათი ძვლის ტვინისგან მიღებული მოდიფიცირებული MSC-ები, ჯანმრთელი დონორისგან მიღებული მოდიფიცირებული MSC-ები და საკონტროლო ჯგუფი, რომელიც არაფერს არ მიიღებს.
სულ მალე გაირკვევა, რეალურად მუშაობს თუ არა ეს ახალი თერაპია.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.