ჯეი დი ვენსი – არიან ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ, რომ ირანში სამუდამოდ დავრჩეთ, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი არ დაუშვებს, ეს კონფლიქტი დაუსრულებელ ომად იქცეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან ომის ხანგრძლივ კონფლიქტად გადაქცევის მომხრეები არიან როგორც ნეოკონსერვატორები, ისე სხვა ჯგუფები, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას არ დაუშვებს. ამის შესახებ ვენსმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ვენსმა აღიარა, რომ ირანთან ომს პოლიტიკური ფასი აქვს, რაც, მათ შორის, საწვავისა და ენერგორესურსების გაძვირებაში გამოიხატება. მისი თქმით, ენერგიის ფასების ზრდა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით არ არის განპირობებული და ამის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ათწლეულების განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციებია.
„ირანთან ომს პოლიტიკური ფასი ჰქონდა – გაიზარდა საწვავისა და ენერგიის ფასები. რასაც ხალხს ყოველთვის ვახსენებ არის, რომ ენერგიის გაძვირება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შედეგი არ არის. ამის მიზეზია ისიც, რომ ათწლეულების განმავლობაში სათანადო ინვესტიციებს არ ვახორციელებდით ამერიკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში. რატომ არ აგვიშენებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 1970-იანი წლების შემდეგ? ეს ენერგიის ფასს ზრდის. რატომ ვხარჯავთ ტრილიონობით დოლარს მწვანე ახალ თაღლითურ პროექტებზე, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განვავითაროთ?“, – განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკამ ირანის ბირთვული პროგრამა და ქვეყნის შეიარაღებული ძალები გაანადგურა. მისი განცხადებით, ახლა დონალდ ტრამპი განიხილავს, როგორ მიიყვანოს კონფლიქტი დასრულებამდე, მათ შორის, ირანზე დამატებითი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის გზით.
„ჩვენ გავანადგურეთ ბირთვული პროგრამა. გავანადგურეთ ირანის შეიარაღებული ძალები. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც, როგორც ჩანს, სურთ, ეს ომი სამუდამოდ გაგრძელდეს. აშშ-ის პრეზიდენტს ბევრი არჩევანი აქვს. მას შეუძლია თქვას, რომ ახლა ყველაფერი დასრულებულია. რა თქმა უნდა, შეუძლია ირანზე დამატებითი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლაც განახორციელოს. ვფიქრობ, სწორედ ამ საკითხზე ფიქრობს ახლა – რეალურად რა უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდეს. ჩემი პროგნოზით, რაც არ უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ პრეზიდენტმა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც მეტს მოითხოვენ და რომლებსაც სურთ, ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და ამ საკითხზე ჩვენ შორის არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს: რაც არ უნდა გადაწყვიტოს, როგორი გზაც არ უნდა აირჩიოს კონფლიქტის დასასრულებლად, ის არ დაუშვებს, რომ ეს დაუსრულებელ ომად იქცეს.
მათ, ვისაც სურს, ეს დაუსრულებელ ომად იქცეს, შეუძლიათ, რამდენიც უნდათ, გამაკრიტიკონ. ამერიკელ ხალხს დავპირდით, რომ აღარ ჩავერთვებოდით დაუსრულებელ ომებში. დიახ, პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ ბირთვული პროგრამის განადგურება აუცილებელი იყო. დიახ, ირანის ბირთვული პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ომი ათი ან თხუთმეტი წელი გაგრძელდეს. სიმართლე რომ ვთქვა, არც იმას დავუშვებთ, რომ ომში ჩართულობა თუნდაც ორი წელი გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნეოკონსერვატორი და სხვა ადამიანებიც მოითხოვენ, იქ სამუდამოდ დავრჩეთ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ამის პირობა დავდეთ და სრულად ვარ დარწმუნებული, პრეზიდენტი ამ კონფლიქტს ისე დაასრულებს, რომ ეს ამერიკელი ხალხისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.