ანექსირებულ ყირიმში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იერიშის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდი, ხიდზე შეჩერებულია მოძრაობა

10:58, 17.11.2026

ანექსირებულ ყირიმში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეჩერდა. უწყების ცნობით, სპეციალისტები თავდასხმის შედეგად მიყენებულ ზარალს აფასებენ. წინასწარი ინფორმაციით, ხიდზე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც. მათი ცნობით, ღამით ქერჩის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ადგილობრივების ცნობით, აფეთქებებს წინ უძღოდა სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილება.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი დაზიანდა, თუმცა ამ დროისთვის მიყენებული ზარალის ზუსტი მასშტაბი დადგენილი არ არის. გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეომასალაში ჩანს, რომ ხიდის საავტომობილო მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად არის ჩამონგრეული, რის გამოც ამ მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელია.

მსგავსი