„ბიბისი“ - მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაკავებული 5 ათასზე მეტი პატიმრის გათავისუფლება იგეგმება
„ბიბისი“ - მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაკავებული 5 ათასზე მეტი პატიმრის გათავისუფლება იგეგმება

მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაკავებული 5 ათასზე მეტი პატიმრის გათავისუფლება იგეგმება.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მიანმარის სამხედრო ხუნტის განცხადებით, 20 ოქტომბერს თადინგიუტის ფესტივალთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 5 636 პატიმრის გათავისუფლებას გეგმავენ.

მედიის ცნობით, პატიმრების გათავისუფლება მიანმარის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ, წევრი ქვეყნების ყოველწლიურ სამიტზე ხუნტის ლიდერი, გენერალი მინ აუნ ჰლაინი არ მიიწვია.

გენერალ მინ აუნ ჰლაინის განცხადებით, სამხედრო ლიდერები დემოკრატიის და მშვიდობის ერთგულნი არიან და ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენის საკუთარი ხუთსაფეხურიანი გეგმა აქვთ.

პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციის მიხედვით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 1 178 ადამიანი იქნა მოკლული, 7 ათასზე მეტი კი განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო დააპატიმრეს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.