მფურთხავ კობრას შხამი მსხვერპლისთვის ტკივილის მისაყენებლად ჩამოუყალიბდა და არა მოსაკლავად — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მფურთხავ კობრას შხამი მსხვერპლისთვის ტკივილის მისაყენებლად ჩამოუყალიბდა და არა მოსაკლავად — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

გველის თითქმის ყველა სახეობას შხამი მსხვერპლის დასაჭერად ჩამოუყალიბდა და არა თავდაცვისთვის. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც; როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ზოგიერთ გველს შხამი პოტენციურ მტაცებელთა, მათ შორის ჩვენს მოსაგერიებლად განუვითარდა.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, იკვეთება შხამისა და ამ შხამის მოქმედების უნიკალური სახის სტრატეგია, რომელიც სულ მცირე სამ სხვადასხვა შემთხვევაში ჩამოყალიბდა.

მფურთხავი კობრა და ყელსარტყლიანი კობრა ახალო ნათესავი გველები არიან, რომლებსაც სხვა არსებებისთვის თვალებში შხამის შესხურება საკმაოდ შორიდან შეუძლიათ.

ეფექტები არც ისე სასიამოვნოა. მფურთხავი კობრას შხამში შემავალი ქიმიური ნივთიერებები აზიანებს რქოვანას და იწვევს ძლიერ ტკივილს; დიდი ოდენობით შხამი კი სიბრმავესაც.

წყლის პისტოლეტის მსგავსი ეშვები და დამაბრმავებელი შხამი მსხვერპლის სწრაფად დაჭერისთვის ნამდვილად არ არის განკუთვნილი და შესაბამისად, მკვლევრებმა ამ განსაკუთრებით უჩვეულო მახასიათებლის ევოლუციის ისტორიის შესწავლა გადაწყვიტეს.

მსხვერპლისთვის შხამის შეყვანის უნარი გველებს 60-80 მილიონი წლის წინ განუვითარდათ. მას შემდეგ, სუპეროჯახ Colubroidea-ს ათასობით სახეობას ეს თავდაპირველი „რეცეპტი“ და პირის აპარატი საკუთარი რაციონის საჭიროებისამებრ შეეცვალა.

ნამარხებისა და კალიბრაციის წყალობით, მკვლევრებმა რამდენიმე მფურთხავი კობრას (Naja), ყელსარტყლიანი კობრას (Hemachatus haemachatus) და მათი არამფურთხავი ნათესავების (Walterinnesia aegyptia და Aspidelaps scutatus) გენომის მოლეკულური დათარიღების მეთოდი გამოიყენეს.

შედეგები მიუთითებს, რომ აფრიკულ მფურთხავ კობრებს თვალებში შესხურების ეს ქცევა დაახლოებით 6,7 – 10,7 მილიონი წლის წინ ჩამოუყალიბდათ. აზიელი ნათესავები კი მათ ოთხი მილიონი წლის შემდეგ მიჰყვნენ.

ყელსარტყლიანი კობრების ამბავი განსაკუთრებით ძნელად დასადგენი იყო, მაგრამ ეს ჩვევა მათ მას შემდეგ უნდა გასჩენოდათ, რაც 17 მილიონი წლის შემდეგ სხვა კობრებს გამოეყვნენ.

მათი შხამის ანალიზი მიუთითებს, რომ მისი შემადგენლობა ერთმანეთისას უფრო ჰგავს, ვიდრე სხვა არამფურთხავი ნათესავებისას; გამონაკლისია სახეობა Naja philippinensis-ის უფრო ნეიროტოქსიკური შხამი.

ცოცხალ ქსოვილებსა და ნერვულ ნიმუშებზე ასევე გატესტეს შხამის ქიმიური შემადგენლობის მტანჯველი ეფექტები.

„შევამოწმეთ, რა გავლენას ახდენს შხამის კომპონენტები ტკივილის შემგრძნობ ნერვებზე და ვაჩვენეთ, რომ ტკივილის გამოწვევის თვალსაზრისით, მფურთხავი კობრას შხამი უფრო ეფექტიანია, ვიდრე მისი არამფურთხავი თანამოძმეებისა“, — ამბობს ავსტრალიის კვინზლენდის უნივერსიტეტის ნეიროფარმაკოლოგი ირინა ვეტი.

საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ მფურთხავმა კობრებმა და ყელსარტყლიანმა კობრებმა საკუთარ შხამსა და ეშვებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუცვალეს მიზანი და ისინი მოზრდილ მტაცებელთაგან თავდაცვით მექანიზმად გარდაქმნეს.

საინტერესოა, ვინ იყვნენ ეს დიდი მტაცებლები თითოეულის შემთხვევაში? ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, მაგრამ როგორც მკვლევრები ირწმუნებიან, არსებობს კარგი მიზეზები, რათა ვიფიქროთ, რომ ისინი შეიძლება ჩვენი წინაპრებიც იყვნენ; ამისათვის კი იშველიებენ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, გველებმა გავლენა მოახდინეს პრიმატების ნეირობიოლოგიასა და ქცევაზე.

ადამიანები და შიმპანზეები ერთმანეთს დაახლოებით იმ პერიოდში გამოეყვნენ, როცა აფრიკულ მფურთხავ კობრას ეს თვისება ჩამოუყალიბდა. სავარაუდოდ, ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ პოტენციურად შხამიანი გველების ამოცნობა და მათზე ახლო მანძილიდან თავდასხმა, რამაც მფურთხავ კობრებზე დიდი ზეწოლა მოახდინა და შხამის გაცემის მეთოდიც შეაცვლევინა.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მხოლოდ მეტნაკლებად გარემოებით მტკიცებულებას ეფუძნება და მოსაზრება შემდეგ კვლევებს საჭიროებს.

„დამაინტრიგებელია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენმა წინაპრებმა შეიძლება გავლენა მოახდინეს გველებში ამ თავდაცვითი ქიმიური იარაღის წარმოქმნაზე“, — ამბობს ლივერპულის უნივერსიტეტის გველის შხამის ექსპერტი ნიკ კასუელი.

ტოქსინებსა და ჩვენს სხეულს შორის არსებული ევოლუციური ურთიერთობის გარკვევით, რა თქმა უნდა, უკეთესად შევძლებთ მედიკამენტთა ახალი კლასის შექმნას.

მაგალითად, ჩხრიალა გველის შხამის ტკივილგამაყუჩებელმა თვისებებმა შეიძლება შვება მისცეს იმ მილიონობით ადამიანს, ვისაც ნეიროპათიური ტკივილები სტანჯავს.

„ცხოველთა შხამის ტკივილის გამომწვევი ტოქსინები შეიძლება გამოსადეგი ხელსაწყო იყოს, რომელიც ტკივილის სიგნალირების მოლეკულურ დონეზე გარკვევასა და მომავალი ტკივილგამაყუჩებლების უკეთესი სამიზნების გამოვლენაში დაგვეხმარება“, — ამბობს კვინზლენდის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი სემ რობინსონი.

ალბათ დროა, მფურთხავ კობრასთან ზავი გავაფორმოთ — დავიცვათ მანძილი და შორიდან დავაფასოთ მისი ეს უნარი.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.