მეუფე იოანე - მოსაყდრედ დადგენა არ ნიშნავს პირდაპირ მემკვიდრედ დასახელებას
მოსაყდრედ დადგენა არ ნიშნავს პირდაპირ მემკვიდრედ დასახელებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განუცხადა.
მეუფე იოანეს თქმით, პატრიარქის მოსაყდრის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და საკითხი არც სინოდის ბოლო სხდომაზე განუხილავთ.
„ბოლო სხდომაზე დღის წესრიგში სხვა საკითხები იყო, თუმცა მე პატრიარქის ყველა კურთხევას ვეთანხმები“, – აღნიშნა რუსთველმა მიტროპოლიტმა.
მეუფე იოანე თქმით, მოსაყდრედ დადგენა პირდაპირ მემკვიდრედ დასახელებას არ ნიშნავს.
„მას პატრიარქის დახმარება მოუწევს. უწმინდესი ვისაც აკურთხებს, მე მას მხარს დავუჭერ“, – ამბობს რუსთველი მიტროპოლიტი.
მეუფე შიო მუჯირის რუსეთში მიღებულ განათლებასთან დაკავშირებით, მეუფე იოანე აღნიშნავს, რომ რუსეთში განათლება ბევრ სასულიერო პირს აქვს მიღებული და ეს არაფერს ნიშნავს.
„სასულიერო განათლება ბევრს აქვს მიღებული რუსეთში, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დროს. მათ შორის, მეც. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. ნუ დავაკავშირებთ პოლიტიკასა და რელიგიას“, – ამბობს რუსთველი მიტროპოლიტი.
შეგახსენებთ, ქაშვეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება, რომლის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო დაასახელა.