მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრები დღეს გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ და გაფიცვის თარიღს დააანონსებენ.
მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასის 45%-ით გაზრდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, საათობრივი ანაზღაურების შვიდი ლარიდან 10 ლარამდე გაზრდის მოთხოვნა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონითა და მეტროში არსებული მძიმე სამუშაო პირობებით.
გასულ კვირას ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაციის ფორმატში შეხვედრა გაიმართა თბილისის მერიაში, რომლის დასრულების შემდეგაც, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს დღეისათვის მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდის ფინანსური რესურსი არ აქვს.