მეტროს გაფიცული მემანქანე - არსებობს წინაპირობები და ვფიქრობ, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ
მეტროს გაფიცული მემანქანე - არსებობს წინაპირობები და ვფიქრობ, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ

არსებობს წინაპირობები და ვფიქრობ, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გაფიცულმა მემანქანემ რატი კაპანაძემ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერთან შეხვედრის დეტალებს გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მყოფ მემანქანეებთან ერთად განიხილავენ და ამის შემდეგ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

„შეხვედრა გაიმართა თბილისის მერისა და ვიცე-მერის თანდასწრებით. კარგია, რომ ეს შეხვედრა გაიმართა და ვსხდებით დიალოგის მაგიდასთან, მიმდინარეობს შეხვედრები. კონკრეტულს ახლა ვერაფერს ვიტყვი, ჩვენ ახლა მივდივართ ეპიცენტრში, სადაც არიან ის ადამიანები. ერთობლივად შევაჯერებთ პოზიციებს და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას. არსებობს წინაპირობები, ვფიქრობ, მივაღწევთ გარკვეულ შეთანხმებას“, – განაცხადა რატი კაპანაძემ.

თბილისის მერიაში მეტროს გაფიცული მემანქანეები თბილისის მერსა და ვიცე-მერს შეხვდნენ.

გაფიცულმა მემანქანეებმა გუშინ განაცხადეს, რომ თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაიზრდება, მუშაობას დილიდანვე განაახლებენ.

თბილისის მეტროპოლიტენი უკვე ორი დღეა გაჩერებულია. თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით შეხვედრა შედგა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. როგორც ერთ-ერთმა მემანქანემ განაცხადა, მერის შემოთავაზება, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, მათთვის მიუღებელია.