მეტროს მემანქანეების იურისტი - გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც ირაკლი ხმალაძე საუბრობს
მეტროს მემანქანეების იურისტი - გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც ირაკლი ხმალაძე საუბრობს

ჩვენ თავად ვაპირებთ საჩივრის შეტანას, რომ გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც საუბრობს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეტროპოლიტენის თანამშრომელთა იურისტმა ბექა ბადრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აქცია, რომელსაც თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მართავენ, ლეგიტიმურია.

„ამ ადამიანების მიმართ შესაძლოა, გარკვეული სამართლებრივი ქმედება გატარდეს, თითქოს იმ ლოგიკით, რომ გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ თავად ვაპირებთ საჩივრის შეტანას, რადგან გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც საუბრობს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. ჩვენც ვაპირებთ ამ კუთხით თავის დაცვას. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მემანქანეთა გაფიცვის თაობაზე იყო მიღებული, რომ მათ მხოლოდ არასამუშაო საათებში შეეძლოთ გაფიცვა, სამართლებრივ ლოგიკას აცდენილია. პირველ რიგში, 18 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტრანსპორტის სამსახურის შუამდგომლობა და მეტროში დასაქმებულ მემანქანეებს სამუშაო დღეების განმავლობაში შეეზღუდათ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა დანარჩენს, ვინც ამ პროფესიული კავშირის წევრია, თავისუფალია ამ უფლების რეალიზაციაში და იფიცება. რაც შეეხება მეტროს მემანქანეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ამაზე ჩვენ 18 მაისს ვთქვით, რომ არის ყოვლად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება, რადგან აცდენილია ყველანაირ ფაქტობრივ და სამართლებრივ ლოგიკასა და მოცემულობას, სასამართლომ ამ ხალხს უთხრა, რომ სამუშაოსგან თავისუფალ საათებში შეუძლიათ გაიფიცონ”, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა გუშინ 15:00 საათისთვის დაიწყეს, სამუშაოსგან თავისუფალ დროს.

„ამიტომ, ეს მეტყველებს, რომ ეს განჩინება არის სრულიად წარმოუდგენელი და დაუსაბუთებელი. ამათი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დააყენო იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი კანონს არღვევს”, – განაცხადა ბადრიშვილმა.

ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ არ გამორიცხა, რომ კონკრეტული მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს როგორც კომპანიის შინაგანაწესი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.