ირაკლი ხმალაძე - მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება
ირაკლი ხმალაძე - მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული მემანქანეების პასუხისმგებლობიის საკითხი დადგეს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს როგორც კომპანიის შინაგანაწესი , ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ვიცე- მერის განმარტებით, ეს უკვე ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია და მერიის მხრიდან რეაგირებაც შესაბამისი იქნება

„ მე ამ ადამინებს ბევრჯერ შევხვდი, განვუმარტე, რომ იმის საშუალება, რასაც მეტროს მემანქანეები ითხოვენ, ეკონომიკურად არ გააჩნია მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, ალოგიკური იქნებოდა ჩვენი მხრიდან, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მემანქანეებს სასამართლოში დავის მიმდინარეობის პროცესში, სამუშაო საათებში შეუზღუდა გაფიცვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასამართლო გამოიტანდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მათ არ უნდა მიემართათ გაფიცვის უფლებისთვის. ეს არღვევს მოქალაქეების, დედაქალაქის ინტერესებს. ამ ყველაფრის მიუხედავად ამ ადამიანებმა მაინც მიმართეს  უკიდურეს ზომას, მოსახლეობის ინტერესების წინ  საკუთარი ინეტერესები დააყენეს. ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. იქნება ეს დისციპლინური პასუხიმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება, თუ სხვა პასუხისმგებლობები, ამაზე მოგვიანებით გაგცემთ პასუხს”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.