კახა კოჟორიძე მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა 
კახა კოჟორიძე მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე მეტროს გაფიცულ მემანქანეებთან მივიდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

კახა კოჟორიძე მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

„მთელი ეს პერიოდი, როდესაც ამ ადამიანებმა თავიანთი კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში დაიწყეს პოზიციების დაფიქსირება, ჩვენ ვადევნებდით თვალს დიდი ინტერესით. დღესაც ხდება მათი კონსტიტუციური უფლებების მიხედვით მოქმედება, შიმშილობა. რაც შეეხება თვითონ ამ პრობლემას, მოლაპარაკებას, ამ პროცესში არ აქვს ალტერნატივა და აუცილებლად მიაჩნია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები. იყოს ისეთი პოზიციები ორივე მხრიდან, რომელიც დღეს არსებულ პრობლემას მოაგვარებს და ორი მხარის პოზიციებს ერთმანეთთან დაახლოებს. ზოგადად ის, რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, მე მგონი ამაზე საუბარი არ არის და სახელფასო პოლიტიკა სამართლიანი უნდა იყოს. აუცილებლად მიმაჩნია, რომ მეორე მხრიდან გადმოიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მწვავე სიტუაციას დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს”,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურებიან.

მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.