მეტროს მემანქანეები კახა კალაძის ინფორმაციას მათი სახელფასო ანაზღაურების შესახებ არასწორს უწოდებენ
მეტროს მემანქანეები კახა კალაძის ინფორმაციას მათი სახელფასო ანაზღაურების შესახებ არასწორს უწოდებენ

მეტროს მემანქანეები კახა კალაძის ინფორმაციას, რომ მათი სახელფასო ანაზღაურება 1400-1800 ლარამდეა, არასწორს უწოდებენ.

როგორც მეტროს მემანქანეები აცხადებენ, მათი თვიური ანაზღაურება 1150 ლარია, თუმცა სადღესასწაულო დღეებში ანაზღაურება 50 ლარით იზრდება და 1200 ლარს შეადგენს.

თბილისის მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლების განცხადება ზაზა ბარბაქაძემ ჟურნალისტებს გააცნო. ისინი კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ, ასევე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავენ, დაინტერესდეს ამ საკითხით, პარლამენტსა და პრეზიდენტს კი პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტროს მემანქანეები მოითხოვენ მეტროპოლიტენის გაძვირებას და ამის ხარჯზე მათი ხელფასების მატებას. ეს ინფორმაცია სიცრუეა. დარწმუნებული ვარ, მასაც ატყუებენ, თორემ ასეთ განცხადებას ქალაქის მერი არ უნდა აკეთებდეს. ასეთი განცხადება ჩვენ არ გაგვიკეთებია. ასევე განაცხადა, რომ ჩვენი ხელფასები 1400-დან 1600, 1800 ლარამდეა, ეს ასე არ არის. მემანქანის ხელზე ასაღები ხელფასი, მაქსიმუმ 1150 ლარია. ეს ხელფასი ფიქსირდებოდა 2013 წლის პირველი იანვრიდან დღემდე. ასევე გვინდა გამოვეხმაუროთ მის განცხადებას, თითქოს ეს არის უკანონო გაფიცვა. ამ თემაზე სახალხო დამცველმაც და არაერთმა იურიდიულმა ორგანიზაციამ გააკეთეს განაცხადი, რომ ეს არ არის უკანონო გაფიცვა და ეს გაფიცვა არის კონსტიტუციური. შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც ამას კანონი გვთხოვს“, – განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.

როგორც მემანქანე აღნიშნავს, კალაძე უნდა მივიდეს გაფიცულ ადამიანებთან და მათ დაელაპარაკოს.

მისივე თქმით, თბილისის მერი მემანქანეებს მოსახლეობასთან აპირისპირებს და აცხადებს, რომ 300, 400, 800 ლარი აქვს პოლიციას.

„ყველა ადამიანი, ვისაც ასეთი დაბალი ხელფასი აქვს, ნამდვილად არ არის მემანქანეების სირცხვილი. ეს არის მერიისა და ხელისუფლების სირცხვილი. ხშირად არის მერიის მხრიდან აპელირება, რომ მემანქანეები აწყობენ გაფიცვას და პროტესტს, ასე არ არის. ჩვენს ორგანიზაციაში “ერთობა 2013-ში” გაერთიანებულია მეტროპოლიტენის 500-მდე დასაქმებული, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ და 250 ლარი აქვთ ხელფასი. ამ ხალხის ხელფასის მატებაზეც არის საუბარი”, – განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.

ამასთან, მეტროპოლიტენის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი პროტესტი სრულიად ლეგიტიმურია და მოქალაქეებს დისკომფორტის შექმნისთვის ბოდიშს უხდიან.