მერაბ ბოლქვაძე - ბოლო წლებში, ქალაქმა გაფუჭებული საბინაო ფონდი შეიძინა
მერაბ ბოლქვაძე - ბოლო წლებში, ქალაქმა გაფუჭებული საბინაო ფონდი შეიძინა

კოეფიციენტის ყიდვის მავნე პრაქტიკა სამუდამოდ უნდა შეჩერდეს, რადგან ქალაქის ინტენსივობის მაჩვენებელი ისედაც დიდია და მისი მომატება არ შეიძლება – ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

სანიტარიულ–ჰიგიენური თვალსაზრისით, ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქმა გაფუჭებული საბინაო ფონდი შეიძინა. უძრავი ქონების ფასები ეცემა და კიდევ უფრო დაეცემა. ყველა ქალაქის ხელმძღვანელი იკვეხნის, რომ მათი მმართველობის დროს უძრავი ქონების ფასი გაიზარდა. ჩვენ კი, პირიქით გავაკეთეთ. უძრავი ქონების ფასი კარგი კეთილმოწყობით, ლანდშაფტური მწვანე სივრცეების გაზრდით, საჯარო რეკრეაციული არეალების მომატებითა და კარგი საქალაქო ტრანსპორტით იზრდება. ჩვენთან კი, ყველაფერი პირიქით ხდება. სამწუხაროდ, აქ მხოლოდ ინვესტორის ინტერესები ჩანს და საჯარო ინტერესი უგულებელყოფილია“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

მისი თქმით, უსისტემო მშენებლობების წინაპირობა უსისტემოდ გაცემული ნაკვეთებია.

„წლების განმავლობაში ნაკვეთები რეკრეაციულ, ლანდშაფტურ და არასამშენებლო ტერიტორიებზეა გაცემული. მეორე პრობლემა არასწორად გაცემული არქიტექტურულ–გეგმარებითი დავალებებია, რაც ფაქტობრივად, ქალაქის განვითარებას განსაზღვრავს და მის სახეს აყალიბებს. ამ თვალსაზრისით, მერიას, არქიტექტორებს და ურბანისტებს ბევრი სამუშაო ექნებათ“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა ცინცაძის ქუჩაზე წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ქუჩის N58-ში შეთანხმებული რეგულირების გეგმიდან ცალკე ნაკვეთის გამოყოფა და შემდეგ, ამ ნაკვეთზე კოეფიციენტის მატება მოხდა, რაც დაუშვებელია.

„შეთანხმების შემდეგ, რეგულირების გეგმა გარკვეულ პარამეტრებს პასუხობს – რამდენია ინტენსივობა, როგორია სიმჭიდროვე, სადგომების რაოდენობა და ა.შ. როგორც კი ნაკვეთის გამოყოფა და მასზე კოეფიციენტების მატება ცალკე ხდება, მაჩვენებლები აშკარად ირღვევა, რაც არასამართლიანია“, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდის იქნება მზად ქალაქის ახალი გენგეგმა, მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტს ჯგუფი მალე, განსაზღვრულ დროში წარმოადგენს.