მექსიკაში, აშშ-ის საზღვართან შეიარაღებული თავდასხმისას ერთი ოჯახის ცხრა წევრი მოკლეს
მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ის საზღვართან შეიარაღებულმა პირებმა აშშ-ისა და მექსიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცხრა ადამიანი მოკლეს.
ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, თავდასხმა მორმონთა ოჯახზე განხორციელდა. გარდაცვლილებს შორის დედა და მისი ოთხი შვილია. მათ შორის ყველაზე პატარები ექვსი თვის ტყუპები არიან.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სამი ქალი და მათი 14 შვილი ავტოკოლონით სონორას შტატიდან მეზობელ ჩიჰუაჰუას შტატის ქალაქ ლა-მორაში გადაადგილდებოდნენ. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დამწვარია ერთ-ერთი ავტომობილი.
როგორც ჩიჰუაჰუას შტატის პროკურატურაში აცხადებენ, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია. თავად ოჯახის წარმომადგენლები ცხრა მოკლულის შესახებ საუბრობენ, ადგილობრივი მედია კი, 12 ცხედრის აღმოჩენის შესახებ იუწყება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ორ შტატში მოქმედმა ნარკოკარტელმა განახორციელა.