ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან ჩავლენ
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან ჩავლენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს აშშ-მექსიკის საზღვართან ჩავლენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საზღვართან ვიზიტი ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას, დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ის მიგრაციის პოლიტიკას სერიოზულად ეკიდება, ხოლო ტრამპისთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ყურადღების ცენტრში მოაქციოს ის საკითხი, რომელიც მისი მთავარი აქცენტია პოლიტიკურ კარიერაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი ქალაქ ბაუნსვილს ეწვევა, ხოლო ტრამპი – ქალაქ იგლ ფასს.

ტრამპი და რესპუბლიკელები ბაიდენს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ძალიან მცირეა იმის ფონზე, რისი გაკეთებაც ბაიდენს აქამდე შეეძლო მიგრაციის პოლიტიკის კუთხით და საზღვართან ჩასვლას ძალიან დაგვიანებულს უწოდებენ. ასევე, მათი თქმით, კანონპროექტი, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ეხებოდა და რომელსაც დემოკრატები უჭერდნენ მხარს, საუკეთესო შემთხვევაში არაეფექტური იქნებოდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ტეხასში ვიზიტი არის მხოლოდ დასაწყისი საარჩევნო დებატების მთავარი თემის, რომელიც, მათივე ცნობით, საიმიგრაციო პოლიტიკა იქნება. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიადაგის შესაცვლელად ჯერ კიდევ არის დრო, თუმცა, გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობა ტრამპს აქვს.