აშშ-მექსიკის საზღვართან არსებულ სამარხში 13 ადამიანის ცხედარი იპოვეს
აშშ-მექსიკის საზღვართან არსებულ სამარხში 13 ადამიანის ცხედარი იპოვეს

მექსიკაში, აშშ-ის საზღვართან ახლოს 13 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, საიდუმლო სამარხი ჰუმანიტარულმა ჯგუფმა საკურორტო ქალაქ პუერტო პენასკოსთან ახლოს არსებულ უდაბნოში იპოვა. აღნიშნული ჯგუფი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაკარგულ ადამიანებს და საიდუმლო სამარხებს ეძებს.

მომხდართან დაკავშირებით სასაზღვრო შტატ სონორას პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი დაღუპული სულ ცოტა ხნის წინ დამარხეს. კრიმინალისტების ცნობით, დანარჩენი ცხედრები ადგილზე სხვადასხვა დროს დამარხეს. ამჟამად გამომძიებლები ცხედრები იდენტიფიცირებასა და მათი გარდაცვალების მიზეზის დადგენაზე მუშაობენ. უკვე ცნობილია, რომ დაღუპულებიდან ორი ქალია.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, მსგავსი ტიპის სამარხებს ქვეყანაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები აკეთებენ, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობასთან არიან დაკავშირებული. ასეთ ადგილებში კრიმინალური კარტელების წევრები დაპირისპირების დროს მოკლული პირების ცხედრებს მალავენ.

სტატისტიკის თანახმად, 2006 წლიდან 2019 წლამდე მექსიკის ტერიტორიაზე 3 024 საიდუმლო სამარხს მიაგნეს. ამ დროისთვის ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში 40 ათასი ადამიანი ოფიციალურად დაკარგულად მიიჩნევა.