საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მომზადების კურსი გაიარეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე ჩაატარეს.
კურსი მოიცავდა, როგორც პრაქტიკულ, ასევე, თეორიულ ნაწილს. მეხანძრე-მაშველობის კანდიდატები სამი კვირის განმავლობაში, სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკის საკითხებს, ქბრბ უსაფრთხოებას, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ.
სწავლებაში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის გამოსაცდელი ვადით დანიშნული 17 თანამშრომელი მონაწილეობდა. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მეხანძრე-მაშველის პოზიციაზე დაინიშნებიან.
სასწავლო კურსის მსვლელობისას მონაწილეები პოლონეთის მთავრობისა და ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის მიერ გადმოცემულ ევროპული სტანდარტების შესაბამის აღჭურვილობას და მრავალფუნქციურ სახანძრო სიმულატორს იყენებდნენ.
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლასთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველ მეხანძრე-მაშველთა შესაძლებლობების განვითარება სპეციალური აღჭურვილობის მიწოდების, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ტრენინგებისა და საველე სწავლებების ორგანიზების გზით აქტიურად მიმდინარეობს.
2019 წელს შსს აკადემიასა და ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ქართულ მხარეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის სასწავლო აღჭურვილობა გადაეცა.
2020 წელს საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „პოლონეთის განვითარებისა და თანამშრომლობის“ პროექტის მხარდაჭერით შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე მხედველობისა და სუნთქვის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის SCBA აპარატების მომსახურების და დასაწყობების შენობა-ნაგებობა დამონტაჟდა.
2021 წელს კვლავ გრძელდება აქტიური თანამშრომლობა, როგორც საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ასევე, ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლასთან. გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველთა მზადყოფნისა და რეაგირების უნარების გაძლიერების კუთხით 3 წლიანი თანამშრომლობის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.