ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მეხანძრე-მაშველის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მეხანძრე-მაშველის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, თორნიკე კიპაროიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაღუპულის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად კოლეგებიც იმყოფებიან.

სამოქალაქო პანაშვიდზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მან ოჯახის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიუსამძიმრა.

„მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო, ძალიან კარგი, ვაჟკაცი ადამიანი გამოაკლდა პირველ რიგში ოჯახს, სამსახურს, სამშობლოს. ეს ადამიანები ნამდვილად გმირები არიან, ისინი თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად სიცოცხლეს წირავენ. მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე გამოგვაკლდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

25 წლის მაშველი სამი დღის წინ დაიღუპა. Შემთხვევა ერთ-ერთი გამოძახების დროს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველი გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.

თორნიკე კიპაროიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მეგობრების თქმით, მანამდე შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, იმყოფებოდა ავღანეთშიც.

თორნიკე კიპაროიძეს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.