მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიენიჭა
მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიენიჭა

ალექსანდრე შუკვანი პირველი მეხანძრე-მაშველია, რომელსაც მსოფლიო რბენის (World Run) კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ალექსანდრე შუკვანმა გასული წლის ზაფხულში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძრისას ცხრა თვის ჩვილი გადაარჩინა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი. ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქველმოქმედებას ეხება. ყველას მოვუწოდებ, გახდნენ წლევანდელი World Run-ის მონაწილეები“, – განაცხადა ალექსანდრე შუკვანმა.

Wings for Life World Run მარათონია. საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობენ სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები.

ღონისძიება 5 მაისს, 15:00 საათზე ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს სტარტს. მეხანძრე-მაშველები გარბენში მონაწილეობას ტრადიციულად წელსაც მიიღებენ.