ვახტანგ გომელაური - 2020 წლიდან მეხანძრე-მაშველის საშტატო ერთეული გადაკეთდა ოფიცრის საშტატო ერთეულად, რითიც უზრუნველყოფილ იქნა მეხანძრე-მაშველთა პროფესიული ზრდა და წოდებრივი სარგოს მატება
ვახტანგ გომელაური - 2020 წლიდან მეხანძრე-მაშველის საშტატო ერთეული გადაკეთდა ოფიცრის საშტატო ერთეულად, რითიც უზრუნველყოფილ იქნა მეხანძრე-მაშველთა პროფესიული ზრდა და წოდებრივი სარგოს მატება

2020 წლიდან მეხანძრე-მაშველის საშტატო ერთეული გადაკეთდა ოფიცრის საშტატო ერთეულად, რითიც უზრუნველყოფილ იქნა მეხანძრე-მაშველთა როგორც პროფესიული ზრდა, ასევე წოდებრივი სარგოს მატება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისათვის ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების არაერთი შენობა აშენდა, ხოლო მიმდინარე ეტაპზე დამატებით ხუთი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

„სამსახურში განხორციელებული რეფორმის შედეგად, 2020 წლიდან რიგითის სპეციალური სახელმწიფო წოდების მქონე 2 900 მეხანძრე-მაშველის საშტატო ერთეული გადაკეთდა ოფიცრის საშტატო ერთეულად. შესაბამისად, უმაღლესი განათლების მქონე მეხანძრე-მაშველებს მიენიჭათ ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდება, რითიც უზრუნველყოფილ იქნა მეხანძრე-მაშველთა როგორც პროფესიული ზრდა, ასევე წოდებრივი სარგოს მატება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცალკე მიმართულებად გამოიყო წყალზე სამაშველო განყოფილება, მყვინთავთა ჯგუფი.

რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციას, 2019-2023 წლებში საერთაშორისო ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, იაპონია, ავსტრია, პოლონეთი, იტალია, შვედეთი, ბელგია, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა) გამართული სასწავლო კურსების მეშვეობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 800-მდე თანამშრომელი გადამზადდა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა კრიზისების მართვა, ხანძრების მართვა, ურბანული სამძებრო-სამაშველო, წყალზე სამაშველო, მაღაროებში სამაშველო, სიმაღლეზე სამაშველო სამუშაოები და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამუშაოები.

სახანძრო-სამაშველო ძალების საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას ადასტურებს ასევე ის პოზიტიური საერთაშორისო შეფასებები, რაც მოჰყვა მიმდინარე წელს, მეზობელ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს ჩვენი მაშველების მიერ ჩატარებულ სამაშველო სამუშაოებს, რა დროსაც ისინი სამაშველო ღონისძიებას ახორციელებდნენ თავიანთი აღჭურვილობით და ტექნიკით.

რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების საკითხს, არაერთხელ გავაცანით საზოგადოებას ჩვენი გეგმებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. საპარლამენტო განხილვის ფორმატშიც მოგახსენეთ უკვე და კიდევ გაგიმეორებთ, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია „ეარბას ჰელიკოპტერთან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 19 დეკემბერს. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. პირველ ვერტმფრენს სამინისტრო უახლოეს ექვს თვეში მიიღებს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.